თემურ ჭყონია: მონეტარული პოლიტიკის შერბილებამ შეიძლება გათამამება გამოიწვიოს და მივიღოთ ცუდი შედეგი

0
168

ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას ეთანხმება. მისივე შეფასებით, არსებული პოლიტიკა არა მკაცრი, არამედ სტაბილურია.

„სებ-ის პოლიტიკას ვეთანხმები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბუმი – ასე დავარქვათ, რაც საქართველოშია, იგივე ლარის კურსის მიმართაც, დროებითი მოვლენაა. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური, ინტელექტუალური, ან ახალი ტექნოლოგიური ზრდის შედეგი. ეს არის ომის შედეგი. ორ ქვეყანას შორის ომი მესამე ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას რაღაც სარგებელი ნახოს. არ უნდა გავთამამდეთ იმ სიტუაციით, რა სიტუაციაც გვაქვს.

ეს სებ-მა არაჩვეულებრივად იცის. ეს არ არის მკაცრი, ეს არის სტაბილური [მონეტარული] პოლიტიკა. ამის შერბილებამ შეიძლება გათამამება გამოიწვიოს და მივიღოთ ცუდი შედეგი. ამიტომ ჯობია შევინარჩუნოთ ეს შედეგი, ვიდრე გავთამამდეთ”, – აღნიშნა მან.

ამასთან, თემურ ჭყონიამ კითხვას, რამდენად არსებობს ქვეყანაში ეკონომიკის გადახურების ნიშნები, როგორც ეს სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, შემდეგნაირად უპასუხა:

„კობა გვენეტაძეს ძალიან სწორი შეფასებები აქვს. შეიძლება მოხდეს გადახურება, შეიძლება არა. გააჩნია რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, ღმერთმა დაიფაროს, რომ დიდხანს. თუ ადრე დამთავრდება, ვიგრძნობთ ჩვენ თავად რის გამო ვართ მაგრები – ჩვენი ენერგიის და ჭკუის გამო, თუ სხვისი უბედურების გამო გავძლიერდით. ესაა ობიექტურად შესაფასებელი”.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 26 ოქტომბრის მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე უცვლელად – 11%-ზე დატოვა.

ამასთან, ოთხშაბათის სხდომის შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ამჟამად საქართველოს ეკონომიკაში გადახურების ნიშნები შეიმჩნევა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ქვეყანაში რვა თვეში არსებული 10.3%-ის ეკონომიკური ზრდა აღემატება ზრდის იმ პოტენციურ დონეს, რომელიც მათი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკას უნდა ჰქონდეს, სწორედ ამიტომ სახეზეა გადახურების ნიშნები.

წყარო: bm.ge