“ციფრული აბრეშუმის გზის” პროექტს, რომელიც საქართველოზეც გაივლის, თურქული სახელმწიფოები უერთდებიან

0
314

თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (OTG) წევრი ქვეყნების მონაწილეობა ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებაში, რომელიც ითვალისწინებს ციფრული დერეფნის შექმნას ევროპასა და აზიას შორის, განიხილეს UTC-ის მე-5 შეხვედრაზე, 25 ოქტომბერს, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში.

ღონისძიებაში, სახელწოდებით “ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება”, რომელშიც “AzerTelecom”-ის მიერ განხორციელებული ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი წარადგინეს, მონაწილეობა მიიღეს AzerTelecom-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ფუად ალავერდიევმა და ოპერაციების გენერალურმა დირექტორმა, სერგეი ნაზარენკომ (ფოტოზე).

კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს რეგიონში პროექტისადმი დიდი ინტერესი და ისაუბრეს თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მონაწილეობის შესახებ პროექტის განხორციელებაში.

„ეს მასშტაბური პროექტი, რომელიც გადის რამდენიმე თურქული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ცენტრალური აზიის ქვეყნების ინტერნეტ ტრაფიკის საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

პროექტი გახსნის ახალ შესაძლებლობებს გლობალური ციფრული ტრანსფორმაციის პროცესებში ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ანატოლია, სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია.

მსოფლიოში სწრაფი ცვლილებებისა და ინტერნეტის მოხმარების ზრდის ფონზე, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მონაწილეობა ამ მასშტაბურ პროექტში ხელს შეუწყობს უფრო ფართო თანამშრომლობას ციფრული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და ტელეკომუნიკაციების განვითარების სფეროს რეგიონში“, – განაცხადა ფუად ალავერდიევმა.

ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი, რომელიც დააკმაყოფილებს ევროპასა და აზიას შორის ტრანზიტის საჭიროებებს აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, სტრატეგიული მნიშვნელობისაა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის.

ციფრული აბრეშუმის გზა შეერთებულ შტატებში “გლობალური სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ლიდერების ფორუმის” მიერ აზიის ტოპ ხუთეულ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტად აირჩია.

AzerTelecom, რომელიც NEQSOL Holding-ის ნაწილია, არის აზერბაიჯანის წამყვანი საკომუნიკაციო ოპერატორი და უზრუნველყოფს ქვეყნის კავშირს საერთაშორისო ინტერნეტ ქსელთან.

თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია შეიქმნა ნახიჩევანის შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც ხელი მოაწერეს 2009 წლის 3 ოქტომბერს თურქულენოვანი ქვეყნების მეთაურებმა ნახჩევანის სამიტზე. ორგანიზაციის წევრები არიან თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი, ხოლო დამკვირვებელი წევრები არიან უნგრეთი და თურქმენეთი.

სანდრო პირველი