ასოციაცია სადისტრიბუციო მანქანებისთვის სპეციალური საპარკინგე სივრცეების გამოყოფას ითხოვს

0
117

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია სადისტრიბუციო მანქანებისთვის სპეციალური საპარკინგე სივრცეების გამოყოფას ითხოვს.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია “ბიზნეს ფორმულასთან” განმარტავს, ერთი მხრივ, სპეციალური საპარკინგე სივრცის არარსებობის, ხოლო მეორეს მხრივ გაზრდილი ჯარიმის გამო, დისტრიბუტორებს პროდუქციის მიწოდება საკმაოდ ძვირი უჯდებათ, რაც სექტორიდან კადრების გადინებას იწვევს.

“ყოველდღე ათამდე კომპანია მაინც მიგზავნის შეტყობინებას იმის შესახებ, თუ როგორ მიზანმიმართულად აჯარიმებს მათ პატრული. ამ დროს კი ჯარიმები გახუთმაგებულია და ეს პირდაპირ აისახება  მუშახელის გადინებაზე. ჩვენს სექტორში როცა უწევთ ამხელა ჯარიმების გადახდა, უბრალოდ იძულებულები ხდებიან სამსახურიდან წავიდნენ.

დამერწმუნეთ, კადრები ისედაც გვიჭირს, მით უმეტეს C კატეგორიის მძღოლი სანთლით საძებარია და ამ დროს მათ არასწორად უწერენ ჯარიმებს. მინდა ვუთხრა ჩვენს ძვირფას მთავრობას, რომ ეს ჯარიმები არასწორია იმიტომ, რომ როდესაც საპარკინგე ადგილი ჩვენთვის გამოყოფილი არაა, იძულებულები ვართ მანქანა სავაჭრო წერტილთან გავაჩეროთ და ისე მოვამარაგოთ.

სხვანაირად, ხომ, წარმოუდგენელია. იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ მაღაზიებს პროდუქტები დრონებით მივაწოდოთ. შესაბამისად, ჯერ დისტრიბუტორებისთვის საპარკინგე ადგილზე იფიქრეთ და შემდეგ გაზარდეთ ჯარიმები”, – ამბობს ივა ჭყონია.

დისტრიბუტორებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების მიზნით ასოციაციამ შესაბამის უწყებებს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. მომდევნო კვირას დაგეგმილია შეხვედრა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთანაც და როგორც ივა ჭყონია ამბობს, თუ სექტორის მიმართ გარკვეული სახის შეღავათი არ ამოქმედდება, კომპანიების უმეტესობა გაჩერდება, მაღაზიის დახლები კი დაცარიელდება.

“შესაბამის უწყებებს წერილი უკვე გავუგზავნეთ, მათ შორის თბილისის საკრებულომ თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ დაგვავალა, რომ მივაწოდოთ იმ კრიტიკული ადგილების სია, სადაც სადისტრიბუციო კომპანიებისგან სპეციალური ადგილები უნდა გამოიყოს და მისგან მივიღეთ დაპირებაც რომ ეს საკითხი მოგვარდება.

თუმცა, საქმე იმაშია, რომ ეს პროცესი აუცილებლად დროში გაიწელება, მინიმუმ ნახევარი წელი, იქამდე კი სექტორში მუშახელი უბრალოდ აღარ დარჩება.

ამიტომ, ახლა ლევან დავითაშვილისგან ველოდებით გარკვეული მორატორიუმის აღების უფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიები გაჩერდებიან და დახლები დაცარიელდება. პრობლემები შეექმნება ჰორეკა სექტორსაც და ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნება.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჯარიმა არ უნდა არსებობდეს. ვემხრობით მის მოქმედებას, რადგან კანონდარღვევა არ წახალისდეს, მაგრამ ამ გაღატაკებულ ქვეყანაში როცა გადასახადს 50 ლარს ხდი და დისტრიბუციისთვის საპარკინგე ადგილიც არაა, ესაა დანაშაული”, – აცხადებს ივა ჭყონია.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობა გაიზარდა. კახა კალაძის თქმით, ქალაქში წესრიგის დამყარების მიზნით ჯარიმების გამკაცრება აუცილებელი გახდა.

თითქმის ყველა სახის ჯარიმა მინიმუმ გასამმაგებულია. ზოგიერთ შემთხვევაში, თანხა უფრო მეტია და მათ შორის, თბილისში პარკირების საფასურის გადახდის გარეშე პარკირებისთვის ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდება.

წყარო: “ბიზნეს ფორმულა”