„ლადო ალექსი-მესხიშვილი არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ გამოფენის ფარგლებში „თიბისი კონცეპტის“ სივრცეში გამოფენის ტურები იმართება

0
106

„ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ გამოფენის ფარგლებში, „თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დაესწრონ როგორც გამოფენის, ისე არქიტექტურულ ტურებს. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენის ტურები 31 ოქტომბერს, 14 და 25 ნოემბერს, „თიბისი კონცეპტის“ სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში, გაიმართება. ტურებს გამოფენის თანაკურატორი ნინი ფალავანდიშვილი, გამოფენის კურატორები დიმიტრი ერისთავი და ლადო შონია და არქიტექტორი გიგი შუკაკიძე ჩაატარებენ.

არქიტექტურული ტურები 30 ოქტომბერსა და 5 ნოემბერს გაიმართება. ტურს არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი და კურატორი და მკვლევარი ნინი ფალავანდიშვილი გაუძღვებიან.

„არქიტექტორ ლევან კალანდარიშვილთან ერთად ტურის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილისა და მისი თანაავტორების მიერ შექმნილი პროექტების მიხედვით აშენებული თბილისის ისეთი მნიშვნელოვანი ნაგებობები დაათვალიერონ, როგორებიცაა სპორტის სასახლე, ალპური კლუბი და ჭადრაკის სასახლე, ტელეგრაფი, ორი საცხოვრებელი სახლი და ხელოვნების მუშაკთა სახლი. ყურადღება გამახვილდება იმ გამოწვევებზე, რომელიც ქართველი არქიტექტორების წინაშე XX საუკუნის 50-70 წლებში იდგა და ნაჩვენები იქნება რამდენად წარმატებული იყო მათ გადალახვაში ბატონი ლადო თავის კოლეგებთან ერთად.

კონკრეტულ მაგალითებზე არქიტექტორის საინტერესო მიგნებები და ის პროცესები განიხილება, რომელიც მის შემოქმედებით ძიებას თან ახლდა. საუბარი ასევე მისი არქიტექტურული მემკვიდრეობის დღევანდელ მდგომარეობას და შენარჩუნების აუცილებლობას შეეხება.

გამოფენის თანა-კურატორთან, ნინი ფალავანდიშვილთან ერთად, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ დაპროექტებული შერჩეული შენობები – სპორტის სასახლე, ცენტრალური ტელეგრაფი, ჭადრაკის სასახლე, ორი საცხოვრებელი სახლი, ასევე საშუალება ექნებათ კურატორთან ერთად, ადგილზე შეიგრძნონ ამ შენობების გამორჩეულობა, სილამაზე, არქიტექტურული თუ საინჟინრო მიგნებები.

გამოფენა „ლადო ალექსი-მესხიშვილი არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“, „თიბისის“ ორგანიზებით, 20 სექტემბერს, „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციურ სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში გაიხსნა და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველი არქიტექტორის ლადო ალექსი-მესხიშვილის (1915-1978) ნამუშევრების ფართო კოლექცია. იგი ადრეული საკონკურსო პროექტებიდან დასრულებულ შენობამდე არქიტექტორის განვითარების გზას გვაჩვენებს.

ორმოცწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობა ასახავს როგორც პიროვნულ შემოქმედებით ტრანსფორმაციას, ასევე ცვლილებებს მისი ნამუშევრების სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში. გამოფენილი მასალა მოიცავს ჩანახატებისა და ნახაზების კოლექციას, ფოტოებს, ფილმებს, საარქივო მასალას და მაკეტებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.