კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

0
164

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის რეგიონში ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას აგრძელებს. ამ ეტაპზე, აქტიური სამშენებლო სამუშაოები თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. არსებული გზა გადის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში (ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო). ახალი გზა კი, განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რითაც მკვეთრად გააუმჯობესებს უსაფრთხოების სტანდარტს და შეამცირებს მგზავრობის დროს.

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა 3 მონაკვეთზე მიმდინარეობს – ვაზიანის შემოვლით გზაზე, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთსა და საგარეჯოს შემოვლით გზაზე. ვაზიანის შემოვლითი გზის დასრულება 2023 წელს, ხოლო დანარჩენი ორი მონაკვეთის – 2024 წელს იგეგმება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 527 169 937 ლარით ფინანსდება.

სამშენებლო სამუშაოები დაიწყო ბაკურციხე-წნორის შემოვლით გზაზეც, რომელიც გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს. ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს შენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას დააკავშირებს არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან. სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის 87.8 მილიონ ლარის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვისაც.
საერთო ჯამში, კახეთის საგზაო ქსელის განვითარებას 2 მილიარდი ლარი მოხმარდება.

ყველა მიმდინარე და დაგეგმილი მონაკვეთის დასრულების შემდეგ, თბილისიდან თელავამდე ჩასვლა 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი.