ალი ბაბაევი – საქართველოში ალიევის ჩამოსვლის მთავარი მიზეზიც ის იყო, რომ ყველა ეკონომიკური ბერკეტი საქართველოზე გავიდეს

0
258

“საქართველოში ალიევის ჩამოსვლის მთავარი მიზეზიც ის იყო, რომ ყველა ეკონომიკური ბერკეტი საქართველოზე გავიდეს“, – ამის შესახებ “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა.

ბაბაევმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ის განცხადებები, რომლებიც სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკასა და სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობას ეხება, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას შეაფასა.

“ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობა გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, ამ ურთიერთობას თავისი ისტორია აქვს, მეგობრული და ძმური. ესაა სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც ისტორიულად არსებობს. ალიევის ჩამოსვლას სერიოზული რეზონანსი მოჰყვა, საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა, საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. ამ ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში, ჩვენს სამეზობლოში, ჩვენს რეგიონში სერიოზული კრიზისებია.

იცით, რა დონეზეა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობა, რასაც ვერ ვიტყვით სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობაზე. ილჰამ ალიევის ჩამოსვლის მთავარი მიზეზი ეკონომიკური ბერკეტების კვლავ გაანალიზება, ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა იყო. აზერბაიჯანი რეგიონულად ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა, რომელსაც თავის პოტენციალი აქვს.

საქართველოში ალიევის ჩამოსვლის მთავარი მიზეზიც ის იყო, რომ ყველა ეკონომიკური ბერკეტი საქართველოზე გავიდეს. ახალი პერსპექტივები ჩნდება. პრეზიდენტმა გამოსვლაში აღნიშნა, რომ ენერგეტიკული რესურსები საქართველოს გავლით თურქეთში გადავა, თურქეთიდან კი ევროპაში.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში დამატებითი რესურსი გაივლის. კარგად იცით, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში იმყოფებოდა, რათა ეს მილსადენი ერთ-ერთი პერსპექტიული ყოფილიყო. ასევე, ალიევმა ყურადღება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დატვირთვაზე გაამახვილა. ტვირთების გადაზიდვა შუა აზიიდან ევროპისკენ საქართველოს და თურქეთის გავლით უნდა მოხდეს. ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს. ილჰამ ალიევმა და საქართველოს პრემიერმა ასევე რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ყურადღება სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე გამახვილდა. საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ხელისუფლებების წარმომადგენლები უნდა დასხდნენ, რეგიონის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისათვის უნდა იმსჯელონ.

რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის დამყარებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ჩვენი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მოვისმინეთ, რომ საქართველო დღესაც მზადაა, ამ ორ ქვეყანას შორის მშვიდობისა და სტაბილურობისათვის შუამავალი სახელმწიფო იყოს”, – განაცხადა ალი ბაბაევმა.
ცნობისთვის, ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი აპირებს, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე ელექტროენერგია გაიტანოს და მათი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს, კასპიის ზღვის გავლით.

ამასთან, მისივე თქმით, სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოსთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.

„ასევე, ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა 75%-ით. ასევე, ბაქო-თბილისი-ყარსი შესაძლოა, იყოს გამოყენებული, რომ 5 მილიონი ტონით დაიტვირთოს და მომდევნო წელს ამ მიმართულებით მეტი კაპიტალი დაბანდებას მოვახდენთ ამ დერეფანში. ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას, რათა კასპიის საშუალებით აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ახალი მარშრუტები დავამუშაოთ.

ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი გაიზრდება და კიდევ მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოსთან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ, რადგან ეს უნდა იყოს ერთობლივი ძალისხმევა“, – განაცხადა ალიევმა.

მისივე განცხადებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი ექსპორტს გაზრდის და კიდევ უფრო დაიტვირთება; ასევე, სურთ, ექსპორტისთვის ბაქო-სუფსის ტერმინალი გამოიყენონ.

„წელს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის და მომდევნო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს გააორმაგოს მისი ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და ვაპირებთ, 2027 წლისთვის ექსპორტზე გავიტანოთ ევროპაში თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი.

ეს საკითხი, ბუნებრივია, განვიხილეთ საქართველოს პრემიერმინისტრთან. ასევე იქნება ახალი საკითხებიც განსახილველი. ამასობაში, ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს და კიდევ უფრო დაიტვირთება მილსადენი. ასევე, გვინდა, გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ტერმინალი. ვიცი, რომ ახლა ეს არ არის ქმედით მდგომარეობაში, მაგრამ გვინდა, რომ დავტვირთოთ ეს არხიც“, – განაცხადა ალიევმა.