კობა გვენეტაძე – წელს ეკონომიკური ზრდა 10%, 2023 წელს კი 4% იქნება

0
164

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წლის ბოლოს 10%-იან ეკონომიკურ ზრდას, ხოლო 2023 წელს 4%-ს პროგნოზირებს. კობა გვენეტაძე ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა.

„მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ხშირად იცვლება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ჩვენს მიერ და მთავრობის მიერ გაკეთებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.

დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობთ, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 4% იქნება, ხოლო 2024 წლიდან გაიზრდება და 5-5.5%-ის ფარგლებში აღმოჩნდება.

ეკონომიკური აქტივობა კვლავაც ძლიერია. რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა. მიმდინარე წლის პირველი რვა თვის საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა.

შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს 10 პროცენტამდე გაიზარდა და, საშუალო წლიური ეკონომიკური აქტივობის დონე, სავარაუდოდ, მის პოტენციურ დონეს აღემატება.

შედეგად, მოთხოვნიდან მომავალი ინფლაციური რისკები გამწვავდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას საგარეო შემოდინებების შედეგად გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი ნაწილობრივ აბალანსებს“, — განაცხადა კობა გვენეტაძემ.