„საქართველო ევრაზიული კორიდორის გადამწყვეტი ნაწილი ხდება, ესაა გაორმაგებული ეკონომიკური შემოსავლები და უსაფრთხოება“

0
228

„საქართველო  ევრაზიული კორიდორის გადამწყვეტი  ნაწილი ხდება. ეს არის   გაორმაგებული ეკონომიკური შემოსავლები, კეთილდღეობა და უსაფრთხოება“, – ამის შესახებ  მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

კასრელიშვილმა  საქართველოში ვიზიტად მყოფი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის,   ილჰამ ალიევის  ის  განცხადებები შეაფასა, რომელიც  სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკასა და სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლებას ეხება.

„მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები, როგორც ყოველთვის, ჩვენს ქვეყანაზე აისახება ხოლმე. პროცესები აჩქარდა. როგორც პროგნოზს ვაკეთებდით,  პროცესები ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ ზუსტად ისე მიდის. საქართველოს საჭიროება,  საქართველოზე მოთხოვნა, ერთი ასად გაიზარდა.  ველოდებით პროცესების განვითარებას ისე,   რომ საქართველოს საჭიროება ერთი ათასად გაიზრდება.

კონკრეტულად,  აზერბაიჯანის პრეზიდენტის,   ილჰამ ალიევის ვიზიტს  და იმ მესიჯებს ვეხებით, რომელიც მან საქართველოში დატოვა. ეს მესიჯები მარტო ჩვენ არ დაგვიტოვა, ეს საერთშორისო საზოგადოებისთვის დატოვებული მესიჯებია. მოგეხსენებათ,  რუსეთ-უკრაინის ომმა   მდიდარი, 500 -მილიონიანი მოსახლეობის  მქონე  ევროპის ენერგომატარებლებით მომარაგება შეამცრა. ევროპაში ენერგომატარებლებზე მოთხოვნა ისედაც გაზრდილი იყო, მაგრამ  რუსეთთან დაულაგებელი ურთიერთობების გამო, იმის გამო, რომ რუსეთი სამეზობლოსთან ურთიერთობაში არაადეკვატურია, 500 -მილიონიანმა, მდიდარი ბაზრის მქონე ევროპამ ალტერნატიული გზები მოიძია.

რუსეთ-უკრაინის ომი, ალბათ 2024 წლამდე გასტანს , ყოველ შემთხვევაში 2023 წლის ბოლომდე. ეს ჩვენი ვარაუდია. ვფიქრობთ, ის შემდეგ რუსეთში სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზრდება, როდესაც რუსეთში ხელისუფლებას ძალოვნები ჩაიგდებენ ხელში. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთთან ურთიერთობა რომც დალაგდეს, ევროპელებს მომარაგებისთვის  ალტერნატიული გზა მაინც სჭირდებათ.

იდეალური ვარიანტი გაჩნდა: ყაზახეთის და თურქმენეთის ენერგომატარებლები კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით თურქეთში ჩავა და მთელს ევროპაში თურქეთიდან განაწილდება. ილჰამ ალიევი ამ გზავნილით ჩამობრძანდა. ჩვენი ღრმა რწმენით, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები დაგვიტოვა. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ალიევი აქ ნიადაგის მოსასინჯად იყო ჩამოსული.

დარწმუნებულები ვართ, ყაზახეთთან და თურქმენეთთან მას უკვე ნალაპარაკები აქვს და გარკვეული ტიპის შეთანხმება მიღწეულია. საქართველოში ენერგომატარებლები აღმოსავლეთიდან გამოივლის და თურქეთამდე მივა. საქართველო ევრაზიული კორიდორის გადამწყვეტი ნაწილი ხდება. ეს არის გაორმაგებული ეკონომიკური შემოსავლები, კეთილდღეობა და უსაფრთხოება. წარმოიდგინეთ, თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის სასიცოცხლო იტერესებშია, რომ საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს.

ევროპელებისთვისაც  სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოში მშვიდობა  და სტაბილურობა იყოს, რადგან თავის ენერგომატარებლებს სწორედ  ამ გზით მიიღებენ. ამის შემდეგ  ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, საქართველოზე ზეწოლის შემთხვევაში  არა მარტო  შეშფოთებას გამოხატავენ, არამედ თანამონაწილეები იქნებიან იმაში, რომ ჩვენ პრობლემები ერთობლივად მოვაგვაროთ. ეს საქართველოს ძალიან პერსპექტიულს ხდის. როგორც ადრე,  ისე ახლაც, მნიშვნელოვან ფუნქციას და ადგილს ვიკავებთ“ – განაცხადა კასრელიშვილმა.

მისივე თქმით, ახლა საქართველომ  მომსახურების სფეროში ინფრასტრუქტურა უნდა  გააძლიეროს, პორტების, რკინიგზის, აეროპორტების მოდერნიზება უნდა მოხდეს.

„როდესაც  ენერგომატარებლებზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ – რაც ილჰამ ალიევმა ბრძანა, ეს გზავნილებია. ჩვენს შესაძლებლობებზეც ორიოდე სიტყვა ვთქვათ, იმაზე ვილაპარაკოთ, რისთვის ვართ მზად. დღეს მსოფლიოში  ყველაზე დიდი შემოსავლები  კომუნიკაციას და მომსახურების სფეროს აქვს.

ჩვენ ორივე ხელში გვიჭირავს. მომსახურების სფეროში ახლა ჩვენი ინფრასტრქტურა უნდა  გავაძლიეროთ. რაც გვაქვს მისი მოდერნიზება უნდა მოვახდინოთ, ვგულისხმობ პორტებს, რკინიგზას, აეროპორტს. ჩვენ ავიაგადაზიდვების სერვისი არ გვაქვს, ფოთის და ბათუმის პორტები აუცილებლად მოდერნიზებული უნდა გახდეს, მათი გამტარუნარიანობა უნდა გაიზარდოს. დადგა დრო, ანაკლიაში პორტიც აღვადგინოთ.

ჩვენი რკინიგზის მოდერნიზებაც უნდა მოხდეს. ეს მარტო ჩვენი ინტერესი აღარაა, ესაა აზიის და ევროპის ქვეყნების ინტერესი. ისინიც კეთილს ინებებენ და ამ საქმეში წილობრივ მონაწილეობას მიიღებენ. გარდა ამისა, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორი გვყავს და დანამდვილებით ვიცი, რომ არიან უსერიოზულესი კორპორაციები, რომელთაც სურთ, საქართველოში ამ პროცესებში მონაწილობა მიიღონ. ეს ქვეყანას ეკონომიკური ზრდის 100%-იან მატებას და უსაფრთხოებას  მოუტანს. გამტარუნარიანობა და შესაბამისად,  შემოსავლებიც 100%-ით გაიზრდება“- განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.