რთული ვითარების წინაშე ვდგავართ სადისტრიბუციო კომპანიები, ჩვენთვის საპარკინგე ადგილები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ივა ჭყონია

0
487

ახლა ძალიან რთული ვითარების წინაშე ვდგავართ სადისტრიბუციო კომპანიები, – ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ ბისზნესპრესნიუსთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც სადისტრიბუციო მანქანებისთვის დედაქალაქში საპარგინგე ადგილები გათვალისწინებული არ არის, მერიამ კი 10-ლარიანი ჯარიმა, 50 ლარამდე გაზადა, c კატეგორიის მძღოლების დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც ივა ჭყონია ამბობს, ისინი ჯარიმების გადახდას ვეღარ შეძლებენ, რაც საბოლოოდ, მაღაზიების მომარაგების კუთხით პრობლემებს შექმნის.

ახლა ძალიან რთული ვითარების წინაშე ვდგავართ სადისტრიბუციო კომპანიები. იმიტომ, რომ ჩვენთვის საპარკინგე ადგილები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომელიც არ გვაქვს. როგორც მოგეხსენებათ, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 10-ლარიანი პარკინგის ჯარიმა გაეზარდა 50 ლარამდე, ეს იმ დროს, როცა სადისტრიბუციო მანქანებისთვის გათვალისწინებული არ არის ადგილები.

უკვე აქტიურად დაიწყო დაჯარიმება, რაც გამოიწვევს იმას, რომ c კატეგორიის მძღოლები ისედაც სანთლით საძებნი გვყავს, და ამ მასიური დაჯარიმებების შემდეგ, საერთოდ ვეღარ ვიპოვნით. იმიტომ, რომ ამხელა ჯარიმებს ვერ გადაიხდიან. დღეში ერთი ჯარიმა რომ დაეწეროთ, თვის განმავლობაში 2000 ლარია.

შესაბამისად, ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის საკადრო კუთხით. ისედაც, პანდემიის პერიოდიდან, სადისტრიბუციო კომპანიებიდან სამუშაოდ ბევრი გადავიდა გლოვოში. ახლა დამატებით ეს პრობლემა, ძალიან რთულ ვითარებაში ჩაგვაგდებს და მაღაზიებს ფიზიკურად ვერ მოვამარაგებთ,- ამბობს ივა ჭყონია.

მისივე ინფორმაციით, არსებული პრობლემის შესახებ უკვე საქმის კურსში არიან როგორც ბიზნესომბუდსმენი, ისე შესაბამისი უწყებები, თუმცა ეს გრძელვადიან პროცესს მოითხოვს, გადაწყვეტილების მიღება კი, უმოკლეს დროში უნდა მოხდეს.

ჩვენ წერილობით მივმართეთ ბიზნესომბუდსმენს, ვიცე-პრემიერს, ბატონ ლევან დავითაშვილს, ასევე, საპატრულოს ხელმძღვანელობას. შეხვედრა გვქონდა ასევე საკრებულოს ხელმძღვანელობასთან და თანხმობა მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, სად გვჭირდება საპარკინგე ადგილების გამოყოფა, თუმცა, ეს იმდენად გრძელვადიანი პერიოდია, თუ ჩვენ მოკლე ვადაში შეთანხმება არ მივიღეთ, რომ არ დაჯარიმდნენ სადისტრიბუციო მანქანები, საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებით და ფიზიკურად ვერ შევძლებთ მაღაზიების მომარაგებას, იმიტომ, რომ მუშახელი არ გვეყოლება, ვინც ამას გააკეთებს, – ამბობს ივა ჭყონია.

წყარო: bpn.ge/