კვლევის მიხედვით, საქართველოში, ბოლო 4 წელიწადში, მწეველთა რაოდენობა 10%-ით შემცირდა

0
89

ბოლო 4 წლის განმავლობაში, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება 10%-ით შემცირდა. როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს იმ კომპლექსური რეფორმების შედეგია, რომელიც თამბაქოს მოხმარების კონტროლის მიმართულებით განხორციელდა.

მისივე ინფორმაციით, კვლევების მიხედვით, დღეს თამბაქოს მოსახლეობის 27 % მოიხმარს, მათი მიზანი კი, 2040 წლისთვის, ამ მაჩვენებლის 5 %-მდე შემცირებაა.

„ბოლო 4 წელია, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება 10%-ით შემცირდა. ეს არის თამბაქოს კონტროლის რეფორმების კომპლექსური განხორციელების შედეგი. სოციალური თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვამ, გადასახადების და ფასების ზრდამ, მარკეტინგის ყველა ფორმის, პოპულარიზაციის, რეკლამების აკრძალვამ მოგვცა შედეგი, რომელსაც ევროპის ქვეყნების გამოცდილების მიხედვით ველოდით.

ჩვენი საბოლოო მიზანია, 2040 წლისთვის საქართველო თამბაქოსგან აბსოლუტურად თავისუფალი ქვეყანა გახდეს, ანუ მოსახლეობაში თამბაქოს პროდუქტის მოხმარება 5%-ზე დაბლა უნდა ჩამოვიდეს. დღეს თამბაქოს 27% მოიხმარს. ჩვენი მიზანია 2040 წლისთვის, თამბაქოს ნაწარმთან ასოცირებული ნებისმიერი მოსაწევი პროდუქტი აბსოლუტურად ნიველირებული იყოს. ამას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება, მაგრამ აბსოლუტურად მიღწევადია, რომ თამბაქოთი არ ავადდებოდეს და უფრო მეტი, არ იღუპებოდეს ადამიანი.

ევროპული კვლევის მიხედვით, თუ 2016 წელს 16 წლის ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარება 18% იყო, 2019 წელს 12 პროცენტს შეადგენს, თუმცა, არის ელექტრონული და ახალი პროდუქტების მოხმარების ზრდის ტენდენცია. კანონმდებლობით აკრძალულია, ელექტრონული სიგარეტის, ასევე გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების როგორც მოხმარება, ისე რეკლამა და პოპულარიზაცია.

2017 წელს გავითვალისწინეთ რისკები, რაც ბაზარზე იქნებოდა გასახურებელი თამბაქოს შემოდინებასთან დაკავშირებით და იმთავითვე, დახურულ სივრცეში მისი მოხმარება ავკრძალეთ,

დახურულ სივრცეში თამბაქოს მოხმარების რეგულაციის 96%-ანი აღსრულება გვაქვს, რასაც 2018 წლიდან მიმდინარე, კანონის აღსრულების მონიტირინგიც განსაზღვრავს. მონიტორები აკონტროლებენ ირღვევა თუ არა რეგულაციები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში. ან თამბაქოს ნაწარმის რეკლამა – პოპულარიზაციას უკანონოდ ხომ არავინ აკეთებს“, – აღნიშნავს გიორგი ბახტურიძე.

ამასთან, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ახალ ინიციატივებს წარადგენენ, რომლის თანახმადაც, თამბაქოს ინდუსტრია ვალდებული გახდება ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანისთვის კომპენსაცია გადაიხადოს, კაზინოებსა და სლოტ კლუბებში კი თამბაქოს მოხმარება აიკრძალოს.

„ჩვენი ახალი ინიციატივის თანახმად, შესაძლოა, 2020 წლის შემდგომ დაბადებულ ახალგაზრდებს, რომლებიც სრულწლოვნები გახდებიან თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მიყიდვა აეკრძალოთ. ასევე, ჩვენი ინიციატივაა, თამბაქოს ინდუსტრიას დაევალოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციის გადახდა, როგორც კონვენციის მეცხრამეტე მუხლში წერია. ზიანი დათვლილია საერთაშორისო ექსპერტების მიერ და ლაპარაკია წელიწადში მილიარდ ნახევარ ლარზე (გადასახადების გარდა), როგორც ეს 50 ქვეყანაშია.

თამბაქოს ინდუსტრიას დაეკისრება სპეციალური გადასახადი, კომპენსაცია, რათა მათ მიერ მიყენებული ზიანის კომპენსაცია მოხდეს. ეს აუცილებელია ჯანმრთელობისთვის ხელშემწყობი გარემოს შესაქმენლად, თამბაქოს და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციის მიზნით. ამ საერთაშორისო პრაქტიკას მივაწვდით ხელისუფლებას, რათა მომავალი წლიდან ჩვენთანაც გადმოვიღოთ.

მოგეხსენებათ, კაზინოებსა და სლოტ კლუბების ნაწილში მოწევა დაშვებულია, რაც ჩვენთვის მიუღებელია. მოვითხოვთ, სათამაშო ბიზნესში ამ ლეტალური პროდუქტის გამოყენება სრულად აიკრძალოს“,- აღნიშნავს გიორგი ბახტურიძე.