უახლოეს თვეებში საქართველოში თამბაქო გაძვირდება

0
166

თამბაქოს იმპორტიორ კომპანია JTI-ში აცხადებენ, რომ საქართველოში უახლოეს თვეებში თამბაქო გაძვირდება.

როგორც კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა, ივა ხასიამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ალტერნატიული ბაზრების მოძიება მოუწიათ, ახალი ბაზრებიდან თამბაქოს იმპორტი კი უფრო ძვირია.

ხასიას თქმით, ამ დროისთვის საქართველოში თამბაქო თურქეთიდან, პოლონეთიდან და ბულგარეთიდან შემოაქვთ, გაზრდილი ხარჯი კი ჯერჯერობით პროდუქციის საბოლოო ფასში არ ასახულა.

„უკრაინიდან თამბაქოს შემოტანის ერთ-ერთი კარგი მხარე ის იყო, რომ ქვეყნებს შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე პროდუქცია იმპორტის 12%-იანი გადასახადისგან გათავისუფლებული იყო.

ალტერნატიული ბაზრებიდან იმპორტისას კი ჩვენ უკვე გვიწევს ამ 12%-იანი ფასნამატის გათვალისწინება.

ეს ჯერ არაა ასახული პროდუქციის საბოლოო ღირებულებაში, თუმცა უახლოეს თვეებში მოგვიწევს მისი პროდუქციის ფასში ასახვა, რადგან ეს კომპანიისთვის უკვე ზარალია. თამბაქოს ასევე აძვირებს აქციზის გადასახადიც, რომლის ე.წ. ადვალური კომპონენტი ისეა შედგენილი, რომ იმ შემთხვევაშიც თუკი მომავალ წელს დამატებით აქციზი არ გაიზრდება, ჩვენ მაინც მეტის გადახდა მოგვიწევს.

თუმცა ამას ფასზე შედარებით ნაკლები გავლენა ექნება, მთავარი მიზეზი მაინც ბაზრების ცვლილებაა. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, როდიდან და რამდენით გაძვირდება თამბაქო, თუმცა ფასის ზრდა აუცილებლად იქნება“, – განაცხადა ივა ხასიამ.