სემეკის წევრებმა დავით ნარმანია თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩიეს

0
115

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანია, მეორე ვადით აირჩიეს. კენჭისყრის შედეგები საჯარო სხდომაზე დამტკიცდა.

დავით ნარმანიას თავმჯდომარეობის პირველი ვადის პერიოდში სემეკს მიენიჭა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობის კუთხით ჩამოყალიბდა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, ენერგეტიკული ბაზრების რეფორმის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა რეფორმის განხორციელების ხელშემწყობი 50-ზე მეტი ნორმატიული აქტი, შემუშავდა ნეტო-აღრიცხვის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, დაინერგა დავების განხილვის გამარტივებული პროცედურები, შემუშავდა და განხორციელდა მომსახურების მარტივი ხელმისაწვდომობის სხვადასხვა პროექტები, დაინერგა თანამშრომელთა შეფასების სისტემა, ხელი შეეწყო საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებას.

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ პირველი ვადით 2019 წელს აირჩა, ხოლო კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის დეკემბერში, პირველი 6 წლის ვადით დაამტკიცა. კანონმდებლობის შესაბამისად, სემეკის წევრთა ფარული კენჭისყრით, სემეკის თავმჯდომარედ ირჩევა სემეკის ერთ-ერთი წევრი 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა.

დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ევროსაბჭოს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესში. 2012-2014 წლებში იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციას,  2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, 2008-2012 წლებში იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი  დირექტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი, 2006-2007 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, 2004-2005 წლებში იკავებდა ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფს გენერალური დირექტორის პოსტს.2001-2003 წლებში საქმიანობდა საქართველოს ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში.

დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. იგი არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48 ნაშრომის თანაავტორი. იგი დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას.