რეფინანსირების ნაცვლად სესხის განაკვეთი TIBR ინდექსს მიებმება

0
1410

საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს, რომ კომერციულ ბანკებს, მომხმარებელთან გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებებში შეაცვლევინოს მუხლები, რომლითაც კრედიტები რეფინანსირების განაკვეთზე არის მიბმული. სებ-ში შესაბამისი განხილვები უკვე დაწყებულია და იგეგმება, რომ ცვლადგანაკვეთიანი სესხები რეფინანსირების განაკვეთის ნაცვლად თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს (TIBR-ის ინდექსს) მიებას.

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ TIBR ინდექსი მეტად საბაზრო და სამართლიანი ინსტრუმენტია, ის უფრო სწორი მექანიზმია, მობილურია და ზუსტად ასახავს ბაზრის დინამიკას. ცვლილების მიზეზად სებ-ში საერთაშორისო პრაქტიკას ასახელებენ. გარდა ამისა, ახალ ინდექსზე გადასვლის შემდეგაც უკვე არსებულ მსესხებლებს ექნებათ არჩევანი, კვლავ რეფინანსირების განაკვეთზე იყოს მათი სესხები მიბმული ან ახალ ინდექსს მიაბან. ახალ გაცემული კრედიტები კი ავტომატურად TIBR-ის ინდექსზე იქნება დამოკიდებული.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ აღნიშნული კოეფიციენტის გამოთვლა უფრო ხშირად ხდება, შესაბამისად ის უფრო სწორი მექანიზმია.

„მასში ასახულია როგორც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ასევე სხვა ფაქტორებიც. ინდექსი ითვალისწინებს რეფინანსირების განაკვეთის კომპონენტს და როგორც წესი, ამ ორ ინსტრუმენტზე განაკვეთები ერთმანეთთან ახლოსაა. რა შედეგებს გამოიწვევს ეს მომხმარებლისთვის ანუ გააძვირებს თუ არა სესხს, ამის თქმა ასე ცალსახათ შეუძლებელია“, — ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი TIBR, რომელიც რეფინანსირების განაკვეთის მსგავსად ასევე 11%-ს შეადგენს ფაქტობრივად, მის მდგენელზე არის დაშენებული.

TIBR განაკვეთის გაანგარიშება შემდეგნაირად ხდება:

ყოველ საბანკო დღეს ეროვნული ბანკი ბლუმბერგის სისტემის გვერდიდან იღებს მიმდინარე საბანკო დღის განმავლობაში დადებულ ბანკთაშორის გარიგებებს.

TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში მონაწილე ბანკთაშორისი გარიგებებიდან ეროვნული ბანკი ახდენს TIBR განაკვეთის გაანგარიშებას შემდეგნაირად:

ა) მიმდინარე საბანკო დღეს განხორციელებული გარიგებების თანმიმდევრობა განისაზღვრება ბანკთაშორის გარიგებაში ასახული საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით;

ბ) საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით დალაგებული ბანკთაშორისი გარიგებების საერთო რაოდენობას აკლდება ზედა 15%-ის და ქვედა 15%-ის შესაბამისი რაოდენობის ბანკთაშორისი გარიგებები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში. თუ გარიგებების საერთო რაოდენობის 15% არ არის მთლიანი ციფრი, მაშინ ხდება მიღებული რაოდენობის დამრგვალება უახლოეს მთელ მაჩვენებლამდე;

გ) TIBR განაკვეთის გაანგარიშება ხდება დარჩენილი გარიგებების საშუალო შეწონილი მაჩვენებლით;

დ) საშუალო შეწონილი პროცენტი გაიანგარიშება ფორმულით.

ე) გაანგარიშებული TIBR განაკვეთი იქნება წლიური საპროცენტო განაკვეთი მძიმის შემდეგ ორი ციფრის სიზუსტით.

TIBR ინდექსების გამოქვეყნება ყოველ საბანკო დღეს, არაუგვიანეს დღის 9:00 საათისა ხდება.

commersant.ge