500 და 1000%-იან მოგებაზე საუბარი ზედმეტია – PSP-ს დირექტორი მინისტრის განცხადებაზე

0
118

მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მოგება 500 და 1000%-იანი არაა და საუბარია მინიმალურ, 4-დან 6%-იან მოგებაზე, – ამის შესახებ „პეესპეს“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ ჯანდაცვის მინისტრის იმ განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც,  რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ ფარმაცევტული კომპანიები წამლებზე 500 და 1000%-იან მარჟებს ვეღარ დააწესებენ.

„ფასი იქნება სამართლიანი მოგების და ყველაფრის გათვალისწინებით, მაგრამ  500 და 1000%-იანი მარჟები, როგორც დღემდე შეეძლოთ ჰქონოდათ, ეს შესაძლებლობა ნამდვილად აღარ ექნებათ. სრულად ექნება დაცული მომხმარებელთა უფლებები. ასევე ძალიან დიდი შემსყიდველია სახელმწიფო  და სახელმწიფოსაც იგივე ფასად მიეწოდება ეს წამლები,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა 7 ოქტომბერს ერთერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

მამუკა ბრეგვაძის განცხადებით, მოგების 500%-იანი მარჟა ფარმაცევტულ ბაზარზე მხოლოდ ერთეული, ისიც წვრილი მოთამაშეების შემთხვევაში ფიქსირდება და ისიც – კონკრეტული მედიკამენტების შემთხვევაში, რაც მთელ ფარმაცევტულ ბაზარზე ვერ განზოგადდება.

„კონკურენციის სააგენტოს კვლევამ გვაჩვენა, რომ დღეს მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებში – ჩვენთან, ყოველ შემთხვევაში – ფასნამატები არ აღემატება 20-25%-ს. ეს იმ ინფორმაციის საფუძველზე გამოვლინდა, რაც მთლიანად შეისწავლეს – იმპორტიდან და საბაჟო ოპერაციებიდან დაწყებული და რეალიზაციით დამთავრებული.

კონკურენციის სააგენტომ თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ რამდენიმე წვრილ მოთამაშეს აქვს რამდენიმე მედიკამენტზე 500%-იანი მარჟა, თუმცა ამის განზოგადება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რადგან ეს წვრილი მოთამაშეები 2-3-4 დასახელების მედიკამენტზე მუშაობენ და მთლიანად ფარმაცევტულ ბაზარზე ამის განზოგადება მიუღებელია.

ყველა კომპანიას აქვს ვალდებულება, გამოაქვეყნოს თავისი ფინანსური მონაცემები. ჩვენ ამას რამდენიმე წელია ვაკეთებთ. „რეპორტალზე“ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შევიდეს და  შეამოწმოს და ნახოს, რომ 500 და 1000%-ზე საუბარი ზედმეტია. იქაა საუბარი მინიმალურ მოგებაზე. კომპანიების მიხედვით არის და 4-დან 6%-მზე მოგება,“- განაცხადა მამუკა ბრეგვაძემ.