გიორგი ცუცქირიძე: ექსპორტის გეოგრაფია, რასაც დივერსიფიკაციას ვუწოდებთ, გაზრდილია

0
190

ექსპორტის გეოგრაფია, რასაც დივერსიფიკაციას ვუწოდებთ, გაზრდილია, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცუცქირიძემ საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები შეაფასა და მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრა.

„დღეს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ტენდენციაა საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენი პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით. ვიცით, რომ აგვისტოში ექსპორტის ძალიან მაღალი ზრდა იყო – 40 %-ზე მეტი. ანალოგიურია სექტემბერშიც. ექსპორტი გაზრდილია.

ბოლო ორ თვეში ექსპორტის ასეთი დინამიკა ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ექსპორტი წლის დასაწყისიდანაც 36 %-ზე მეტადაა გაზრდილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილია გაზრდილი – დაახლოებით 69 %-მდე. ესეც პოზიტიურ ტენდენციად უნდა შევაფასოთ, რადგან ადგილობრივი ექსპორტი ნიშნავს ექსპორტს რეექსპორტის გარეშე, მეორეც – ის ადგილობრივი წარმოების დინამიკასაც ასახავს.

ზოგადად, ექსპორტის ასეთი მაღალი ზრდა, პირველ ყოვლისა, ადგილობრივ ექსპორტს ვუსვამ ხაზს, მიანიშნებს იმაზე, რომ ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ამ წლების მანძილზე ხორციელდებოდა, მუშაობს და უკვე პირველ შედეგებს იძლევა. ეს ეხება როგორც პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მთელ რიგ კომპონენტებს, ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ეგიდით განხორციელებულ პროგრამებს, რომელმაც საშუალება მოგვცა, აგროპროდუქცია ექსპორტზე გაგვეტანა.

ზოგადად, ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი იმითაცაა საინტერესო, რომ ექსპორტის ზრდა იმპორტის მაჩვენებელს აღემატება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში წმინდა ექსპორტი პოზიტიურია. საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი სავაჭრო სალდოც შემცირებულია, დაახლოებით 39 %-მდე, მაშინ როცა გასულ წლებში 42-43 % იყო. ლარის სტაბილიზაციის და გამყარების ერთ-ერთი წინაპირობა ესეც არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უფრო მეტი ვალუტა რჩება, ვიდრე გარეთ გადის.

ასევე მინდა, თავად ექსპორტის სტრუქტურასა და ბაზრებზე ვისაუბრო. არის თუ არა დივერსიფიცირებული ჩვენი საექსპორტო პოტენციალი? უნდა აღვნიშნო, რომ ექსპორტისთვის ჩვენი ძირითადი ბაზრები წინა წლებში უკრაინა და რუსეთი იყო. ასევე ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთია. უკრაინაში ექსპორტი 35-%-ითაა შემცირებული. ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინაში ომია და ამ ომმა ძალიან დიდი კორექტივები გამოიწვია.

თუ ვნახეთ, რომ ექსპორტის ზრდა საშუალოდ 40 %-ია, ექსპორტი რუსეთში მხოლოდ 2 %-ითაა გაზრდილი.

ის თემა, რომ რუსეთში ჩვენი ექსპორტი იზრდება, არასწორია და ხშირად სპეკულირების საგანია. რუსეთში ექსპორტი არ იზრდება ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ საერთაშორისო სანქციების ნაწილში ჩვენ მთელ რიგ საქონელზე ვართ შეერთებული, ამის გარდა, რუსეთში დღეს მიწოდების პრობლემაა, ეკონომიკური კრიზისის ნიშნებია. ვხედავთ, რომ, ომის ხარჯების ეკონომიკიდან გამომდინარე, რუსეთის მთავრობამ „კეთილდღეობის ფონდის“ ხარჯვა დაიწყო.

სამაგიეროდ, რა ხდება სხვა ბაზრებზე: მნიშვნელოვანია, როგორია ტენდენცია მეგაბაზრებზე. ესენია ევროკავშირი, ჩინეთი და აშშ-ის ბაზრები. ესენი საექსპორტო თვალსაზრისით სამი ყველაზე გლობალური მეგაბაზრებია. მათ იმპორტის დიდი ნაწილის მიღება შეუძლიათ, მათ შორის, საქართველოდან ექსპორტის, მათთვის კი იმპორტის.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთში ექსპორტი 18 %-ითაა გაზრდილი, ათჯერაა გაზრდილი პერუში, მნიშვნელოვანი ზრდაა ევროკავშირის ქვეყნებში, დაახლოებით 49 %-ით. ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ექსპორტის გეოგრაფია, რასაც დივერსიფიკაციას ვუწოდებთ, გაზრდილია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აშშ-ში ექსპორტი, თითქმის, ორჯერაა გაზრდილი“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, რეგიონის ქვეყნებში ექსპორტის მაჩვენებლები ასევე პოზიტიური ტენდენციებს აჩვენებს.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა ხდება რეგიონში: თურქეთში ადგილობრივი ექსპორტი 47 %-ითაა გაზრდილი, სომხეთში 48 %-ით, აზერბაიჯანში 38 %-ით. ეს ცალსახად პოზიტიურად უნდა შევაფასოთ. ძირითადი სავაჭრო ბრუნვა მაინც რეგიონის ქვეყნებთან უნდა გვქონდეს.

ვხედავთ, რომ პოზიტიური ტენდენციებია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენა დღესაც იგრძნობა.
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს ბაზრები კიდევ უფრო პერსპექტიული გავხადოთ. ჩემი შეფასებით, ამისთვის ჩვენ საექსპორტო პროდუქციის უფრო მრავალფეროვნება გვჭირდება.

განვიხილოთ, როგორია საექსპორტო პროდუქციის სტრუქტურა. ექსპორტის სტრუქტურაში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, დაახლოებით 27 %; მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები – 15 %, აზოტოვანი სასუქები – 7, 4 %. ანუ, ჩვენი ექსპორტის თითქმის ნახევარი ამაზე მოდის. შემდეგ ტრადიციული საექსპორტო პროდუქციაა: ყურძნის ნატურალური ღვინოები, მტკნარი და მინერალური წყლები, ძვირფასი ლითონები და მადნები, ოქრო გადის ჩვენგან, ესეც პერსპექტიული მიმართულებაა.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის ექსპორტს ვახორციელებთ, ეს დაახლოებით 3 %-ია. მომავალში ორიენტაცია ახალი საექსპორტო პროდუქციის შექმნაზე უნდა გვქონდეს. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ უახლოეს წლებში ქვეყანაში შედარებით მაღალ ტექნოლოგიური ინვესტიციების შემოყვანას შევძლებთ. მაღალტექნოლოგიური ინვესტიციები მაღალ ტექნოლოგიურ პროდუქტს ქმნიან, რომელიც საკმაოდ ძვირიც ღირს და ექსპორტის სტიმულირების ერთ-ერთი წყაროც შეიძლება, გახდეს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.