წისქვილკომბინატებს გაჩერება ემუქრება – სავარაუდოდ, ისევ ფქვილის იმპორტი განხორციელდება

0
189

ხორბალზე საექსპორტო საბაჟო გადასახადი მკვეთრად იზრდება – წისქვილკომბინატებს და ადგილობრივ წარმოებას გაჩერების პრობლემა ემუქრება. სავარაუდოდ, ისევ ფქვილის იმპორტი განხორციელდება საქართველოში,- ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, რუსეთის საექსპორტო ბაჟი ხორბალზე, რომელიც ყოველკვირეულია 50%-ით გაიზარდა.

„არის რისკი, რომ ხორბლის დერეფნის მუშაობა აღარ გაგრძელდეს. ამის შემდეგ ფასები სავარაუდოდ, ზემოთ წავა. მთლიანად, რუსეთის საექსპორტო ბაჟი, რომელიც ხორბალზე ყოველკვირეულია, 50%-ით გაიზარდა, 1 ტონა ხორბლის გამოტანა 47 დოლარს შეადგენს, როდესაც წინა კვირას 32 დოლარი იყო.

საქართველოს ბაზარი ჯერ სტაბილურია. 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის ივნისის თვემდე აქტიურად მუშაობდა ფქვილის იმპორტი, ვიდრე წისქვილკომბინატების მიერ გამომუშავებული ფქვილი.

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის მიერ შემოღებული საექსპორტო საბაჟო გადასახადი მუდმივად მზარდი იყო, ფქვილის გამოტანაზე 0% იყო გადასახადი, ხორბლის გამოტანაზე კი მაქსიმუმი 120-140 დოლარის ფარგლებში იყო, ამან უინტერესო გახადა ხორბლის შემოტანა წისქვილების მიერ და წისქვილები გაჩერდა, მოხდა ის, რომ ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა საქართველოში ხორბლის იმპორტი.

ბოლო 2 თვის განმავლობაში ხორბლის დიდმა მოსავალმა საშუალება მისცა ფასები რომ დაბლა წამოსულიყო. მაშინ ხორბალიც გაიაფდა და ფქვილიც, წისქვილკომბინატები ამუშავდა. დღეს, სამწუხაროდ, ისევ საპირისპირო ვითარება გვაქვს, წისქვილკომბინატები იმ ფაზაში შედიან, რომ ისევ ჩერდებიან, იქიდან გამომდინარე, რომ საექსპორტო საბაჟო გადასახადი მკვეთრად იზრდება.

შესაბამისად, წისქვილკომბინატებს და ადგილობრივ წარმოებას გაჩერების პრობლემა ემუქრება. სავარაუდოდ, ისევ ფქვილის იმპორტი განხორციელდება საქართველოში“,- აღნიშნავს სილაგავა მედიაჰოლდინგ “კვირაში”.