ცუცქირიძე: მომავალ წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების შესანარჩუნებლად, ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი ექსპორტის მხარდაჭერის გაძლიერება უნდა გახდეს

0
127

მომავალ წლებშიც მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების შესანარჩუნებლად, ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად სწორედ ექსპორტის მხარდაჭერის გაძლიერება უნდა გახდეს, მისი შემდგომი დივერსიფიკაციის და ახალი საექსპორტო პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით, გარდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა, კეთილდღეობის ზრდაზეც დადებითად აისახება, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ექსპორტის მხარდაჭერა უნდა მოიცავდეს, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტიმულირებას, ასევე ექსპორტის მხარდამჭერი სამთავრობო პროგრამების მრავალფეროვნებასაც.

„2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, საქსტატის წინასწარი მონაცემებით  13 612.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3 პროცენტით მეტია და აღემატება თვით პრეპანდემიური პერიოდის 2019 წლის მაჩვენებელს 39,6 %-ით, ისევე როგორც წლიურ მაჩვენებელსაც კი, რაც 13 317 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სექტემბერში ექსპორტი 40.0%-ით გაიზარდა და 523.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია და ამასთან, იანვარ-სექტემბერში ექსპორტი გაიზარდა 37.4 პროცენტით და 4,097.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, და პრეპანდემიური პერიოდის პირველი 3 კვარტლის მაჩვენებელსაც კი 42 %-ით აღემატება.

ნიშანდობლივია, რომ ექსპორტის ზრდის ტემპი ასევე აღემატება იმპორტის ზრდის მაჩვენებელს, რაც კიდევ ერთი დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირების თვალსაზრისით. პირველ 3 კვარტალში ექსპორტი 4 097.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (37.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 515.0 მლნ. აშშ დოლარი (34.4 პროცენტით მეტი) და შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 5 418.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტია. მაშინ როცა პრეკრიზისულ 2019 წლის სავაჭრო ბრუნვაში უარყოფითმა  სალდომ 43 % შეადგინა.

ამასთან 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ზრდა 29.9 პროცენტი იყო, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში 2,814.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 68.7 %-ია და ბოლო წლებში მთლიან ექსპორტში ხვედრითი წილის მზარდ ტენდენციასაც უსვამს ხაზს.

ქვეყნების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც რეგიონის ქვეყნებში, ისე ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე და ჩინეთში. კერძოდ, რეგიონში სომხეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 48.3%-ით, 43.1 მლნ. აშშ. დოლარით და 132.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზერბაიჯანში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 38.0%-ით( 30.2 მლნ. აშშ. დოლარით და 109.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ხოლო თურქეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 47.1%-ით, 104.2 მლნ. აშშ. დოლარით და 325.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა);

ბულგარეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 101.5%-ით, 148.0 მლნ. აშშ. დოლარით და 293.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), შვეიცარიაში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 28.3%-ით, 15.1 მლნ. აშშ. დოლარით და 68.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ექსპორტი მზარდია აშშ-ში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 104.7%-ით, 121.7 მლნ. აშშ. დოლარით და 238.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და პერუში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 10-ჯერ მეტად, 107.1 მლნ. აშშ. დოლარით და 118.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ისევე როგორც კიდევ ერთ მეგა ბაზარზე ჩინეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 19.4%-ით, 88.1 მლნ. აშშ. დოლარით და 541.9 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა);

თებერვლიდან მოყოლებული უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, როგორც მოსალოდნელი იყო იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა უკრაინაში (ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა 43.5%-ით, 51.5 მლნ. აშშ. დოლარით და 66.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ხოლო  რუსეთში ადგილობრივი ექსპორტი მხოლოდ 3.0%-ით გაიზარდა, 11.7 მლნ. აშშ. დოლარით და 400.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც მთლიანად აცლის ნიადაგს გაბანკროტებული ოპოზიციის კიდევ ერთ ნარატივს საერთაშორისო სანქციებთან არ შეერთების და რუსეთის ბაზარზე ექსპორტის მზარდი ხასიათის გამო. ასე მაგალითად, 2022 წლის 8 თვეში თუ რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 3 პროცენტით, ევროკავშირში – 46 პროცენტით არის გაზრდილი.

უმსხვილესი ადგილობრივი საექსპორტო პროდუქტებიდან 2022 წლის იანვარ-სექტემბერში  გაიზარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ( 31.7%-ით, 181.5 მლნ. აშშ. დოლარით და 753.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზოტოვანი სასუქების (გაიზარდა 216.6%-ით, 141.9 მლნ. აშშ. დოლარით და 207.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ფეროშენადნობის (გაიზარდა 34.3%-ით, 108.6 მლნ. აშშ. დოლარით და 425.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ელექტროენერგიის (გაიზარდა 5-ჯერ მეტად, 69.5 მლნ. აშშ. დოლარით და 84.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების (გაიზარდა 113.5%-ით, 35.6 მლნ. აშშ. დოლარით და 67.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ოქროს (გაიზარდა 31.4%-ით, 14.9 მლნ. აშშ. დოლარით და 62.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), მინერალური და დაგაზიანებული წყლების (გაიზარდა 30.8%-ით, 14.1 მლნ. აშშ. დოლარით და 59.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ყურძნის ნატურალური ღვინოების (გაიზარდა 4.3%-ით, 7.1 მლნ. აშშ. დოლარით და 172.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და სპირტიანი სასმელების (გაიზარდა 10.3%-ით, 6.9 მლნ. აშშ. დოლარით და 73.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) ექსპორტი.

შემცირდა მინერალური და მტკნარი წყლების (შემცირდა 24.6%-ით, 25.6 მლნ. აშშ. დოლარით და 78.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) ადგილობრივი ექსპორტი.

უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირება საგარეო მოწყვლადობის შემცირების და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის გარდა, პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე და სავალუტო კურსის გამყარების დინამიკაზე, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვხედავთ და სექტემბერშიც, ისევე როგორც აგვისტოში ეკონომიკური ზრდის მაღალ, ორნიშნა  მაჩვენებელს უნდა ველოდოთ.

მიმაჩნია, რომ მომავალ წლებშიც მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების შესანარჩუნებლად, ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად სწორედ ექსპორტის მხარდაჭერის გაძლიერება უნდა გახდეს, მისი შემდგომი დივერსიფიკაციის და ახალი საექსპორტო პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით, გარდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა, კეთილდღეობის ზრდაზეც დადებითად აისახება.

თავის მხრივ, ექსპორტის მხარდაჭერა უნდა მოიცავდეს, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტიმულირებას, ასევე ექსპორტის მხარდამჭერი სამთავრობო პროგრამების მრავალფეროვნებასაც, პირველ რიგში „აწარმოე საქართველოს“ კომპონენტების ფარგლებში“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.