რა დარღვევები აღმოჩნდა იაშვილის კლინიკაში – რეგულირების სააგენტოს განმარტება

0
157

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ, მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, ინფექციის კონტროლის სისტემის არსებობასთან დაკავშირებით შეამოწმა და დარღვევები გამოავლინა.

ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ლიანა ჭუმბურიძემ განაცხადა.

„გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაციამ, მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დაუყოვნებლივ ამ პრობლემების გამოსწორება. შესაბამისად, ამ ეტაპზე, დროებით შეჩერებულია სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებისა. ასევე, ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ იაშვილის კლინიკასთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ, რეფერირებაში შესაბამისი პროფილის კლინიკებში.

ჩვენი მიზანია, ყველა მოქალაქემ მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის რეფორმა, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ 2025 წელს და ყველა კლინიკისთვის სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია, რათა თითოეულმა მოქალაქემ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მომსახურება მიიღოს“, – განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ლიანა ჭუმბურიძემ.

იმის შესახებ, რომ 20 ოქტომბრიდან სტაციონარულ პაციენტებს ვერ მიიღებდა, იაშვილის კლინიკამ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა და მიზეზად მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დაასახელა.

„კლინიკა 20 ოქტომბრიდან სტაციონარული პაციენტების მიღებას დროებით აჩერებს და საავადმყოფო ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით უზრუნველყოფს მხოლოდ განსაკუთრებულად რთული სამედიცინო შემთხვევების კლინიკურ მართვას. ასევე, სამინისტროსთან ერთად მოხდება სტაციონარული საჭიროების მქონე პაციენტების განხილვა და მათი შესაბამისი რეფერირება პროფილურ ჰოსპიტლებში,“ – ნათქვამია კლინიკის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.