რაჭაში რთველი დასრულდა – 1300-მდე მევენახის შემოსავალმა 11 მლნ ლარს მიაღწია

0
250

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რაჭაში რთველი დასრულდა და მოსავალი სრულად დაბინავებულია.

მათივე ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გადამუშავებულია 1570 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. ღვინის საწარმოებს ყურძენი 1300-მდე მევენახემ ჩააბარა. მიღებულმა შემოსავალმა 11 მლნ ლარს მიაღწია.

„მიმდინარე წელს, რაჭაში ყურძნის მოსავალი ძირითადი ნაწილი კერძო სექტორის მიერ გადამუშავდა. რთველის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული იყო 60-ზე მეტი კერძო კომპანია.

რთველის პროცესში კერძო საწარმოების აქტიური ჩართულობისა და სტიმულირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდა. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი შეიძინა და გადაამუშავა და მევენახეს არანაკლებ 7 ლარი გადაუხადა. აღნიშნული კომპანიები, სახელმწიფო სუბსიდიის სახით, 1 კგ ალექსანდროულსა და 1 კგ მუჯურეთულზე 4 ლარს მიიღებენ.

ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები ჩასაბარებელი ყურძენს მონიტორინგს უწევდნენ.

რთველის პროცესში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 30-ზე მეტი პუნქტი იყო გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევდა.

რთველი 2022-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებდა.

რაჭის შემდეგ რთველი ლეჩხუმში, კერძოდ ცაგერის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ ლეჩხუმის რეგიონს წელს ადგილწარმოშობის ღვინო „ოყურეშის უსახელოურის“ დაემატა, რომლის მიკროზონა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ცაგერის ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ოყურეშის უსახელოური შეიძლება მხოლოდ მიკროზონაში მოწეული უსახელოურის ჯიშის ყურძნიდან დამზადდეს. „ოყურეშის უსახელოური“ წითელი ღვინოა, რომელიც, შაქრიანობის მიხედვით, შეიძლება იყოს სამი სხვადასხვა კატეგორიის: მშრალი, ბუნებრივად ნახევრად მშრალი ან ბუნებრივად ნახევრად ტკბილი,“ – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.