პეტრიაშვილი – საშუალო კვალიფიკაციის მუშა-ხელის სერიოზული პრობლემაა და ეს კიდევ გაიზრდება, ვიდრე ძუნწი დამსაქმებლები ჯიბეზე ხელს არ გაიკრავენ

0
99

დიახ, საშუალო კვალიფიკაციის მუშა-ხელის სერიოზული პრობლემაა და ბუნებრივია, ეს კიდევ და კიდევ გაიზრდება მანამ, სანამ ძუნწი დამსაქმებლები ჯიბეზე ხელს არ გაიკრავენ და დასაქმებულ ადამიანებს შესაბამის ხელფასს არ მისცემენ, – ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ირაკლი პეტრიაშვილი განმარტავს, რა არის ქვეყანაში კვალიფიციური მუშა-ხელის ნაკლებობის მიზეზი და აღნიშნავს, რომ კვალიფიციური ძალის ამ ქვეყნიდან წასვლას ის სიძუნწე და მარაზმი განაპირობებს, რაც შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით არის.

კვალიფიციური ძალის ამ ქვეყნიდან წასვლას ის სიძუნწე და მარაზმი განაპირობებს, რაც შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით არის. თქვენ რა კითხვაც დამისვით, ერთი სიტყვით პასუხის გაცემა ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ პრობლემა მრავალფეროვანია. ბუნებრივია, ერთი გახლავთ სოციალური დიალოგის არქონა, ამასთან, ტოპმენეჯმენტსა და რიგით მუშა-ხელს შორის ხელფასებს შორის დისბალანსი. პლუს ამას, ხშირ შემთხვევაში, პროფესიული კოლეჯები იმ მუშა-ხელს არ ამზადებენ, რაც შრომით ბაზარს სჭირდება. წლის განმავლობაში 400 ბარმენს ამზადებენ და 400 ბარმენი რამდენად სჭირდება საქართველოს? ან 3 000 მეწაღე? მე მგონი, თქვენც დამეთანხმებით, რომ ბაზრის მოთხოვნასთან დაკავშირებით შესაბამისობაში არ არის. ასევე, მინიმალური ხელფასი – ყბადაღებული თემა, რომელსაც წლებია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ვითხოვთ, რომ ადეკვატური მინიმალური ხელფასი იყოს ქვეყანაში. პლუს კიდევ ის, რომ დავუშვათ, ქვეყნის გარეთ გადაადგილება მეტ-ნაკლებად უფრო ადვილია. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ უკეთესი ბედის და იღბლის საძებნელად ჩვენი მოქალაქეები მიდიან და ქვეყანას კვალიფიციური მუშახელი ტოვებს.

დიახ, სერიოზული პრობლემა არის ექთნების, სერიოზული პრობლემა იქნება ცოტა ხანში ექიმების, სერიოზული პრობლემა არის საშუალო კვალიფიკაციის მუშა ხელის და ბუნებრივია, ეს კიდევ და კიდევ გაიზრდება მანამ, სანამ ძუნწი დამსაქმებლები ჯიბეზე ხელს არ გაიკრავენ და დასაქმებულ ადამიანებს შესაბამის ხელფასს არ მისცემენ, მანამ სანამ ადეკვატური მინიმალური ხელფასი არ გვექნება, მანამ სანამ არ გვექნება პროფესიული სწავლება იმ დონეზე, რაც ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის მოქალაქეებს სჭირდება. ეს უკვე სახელმწიფოს პრობლემაა.

სახელმწიფომ პროფკავშირებთან და კერძო სექტორთან ერთად, უნდა შექმნას ადეკვატური პროფესიული გადამზადების სისტემა, რომელიც დღემდე საქართველოში არ გვაქვს,“ – განაცხადა პეტრიაშვილმა.

ის ასევე „ინტერპრესნიუსთან“ შრომით ბაზარზე არსებული პრობლემებიდან გამოსავლის გზებზე და იმ ცვლილებებზე საუბრობს, რაც ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად უნდა განხორციელდეს.

„პირველ რიგში, როცა რეფორმებზე საუბრობენ, ძალიან ადვილია რეფორმების ქაღალდზე დაწერა. ქაღალდი ყველაფერს იტანს. ყველაზე რთული არის მენტალიტეტის რეფორმირება. მენტალიტეტს სჭირდება რეფორმირება, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან დაკავშირებით და მათ შორის, იმ ბიზნესებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ოპერირებს. მათ შორის, ჩინოვნიკების მენტალიტეტის ცვლილება არის საჭირო.

ასევე საჭირო არის, რომ კვალიფიციური ადამიანები და ორგანიზაციები განსაზღვრავდნენ და მათთან დიალოგის შედეგად დგებოდეს ბიუჯეტი. ახლა, დღეს თუ ხვალ ახალი ბიუჯეტი მტკიცდება. ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული ამ ახალი ბიუჯეტის ფორმირებაში და მერე ხვალ და ზეგ როცა გაფიცვა და ა.შ. იქნება, მერე იტყვიან, რომ პროფკავშირები გაფიცვის ორგანიზებას ახდენს და ა.შ.

გაფიცვის ორგანიზებას პროფკავშირები კი არ ახდენს, არამედ გაფიცვის ორგანიზებას და იმას, რომ ფაქტობრივად, ხალხი ამ ქვეყნიდან მიდის, ასეთი გადაწყვეტილებები ახდენს, იმიტომ რომ აქ სამართლიანი გარემო არ აქვთ. სამართლიანი თანაცხოვრების პირობები და დანარჩენი უკვე ის ინგრედიენტები, რაც ჩამოგითვალეთ, რაც სამართლიანობას განაპირობებს.

ეს არის ადეკვატური მინიმალური ხელფასი, ტოპმენეჯმენტსა და დასაქმებულ ადამიანებს შორის შესაბამისი ხელფასებს შორის განსხვავება, ეს არის ნორმალური კონტრაქტები, ნორმალური სამუშაო გარემო და რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, გულწრფელი სოციალური დიალოგი. სწორედ ეს სოციალური დიალოგი უნდა იყოს განმსაზღვრელი, რა კანონი უნდა შეიცვალოს, როგორი ბიუჯეტი უნდა იყოს, რა კონვენციის რატიფიცირება უნდა მოხდეს, როგორი უნდა იყოს ქალთა უფლებები და რამდენად უნდა იყოს ისინი დაცული, როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა, რომელიც შრომით ბაზარზე მომზადებული ადამიანის გაყვანას უზრუნველყოფს და ა.შ.

აქ ძალიან ბევრი ინგრედიენტია, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ადვილად გასაკეთებელია, თუ ამის პოლიტიკური ნება და კვალიფიკაცია არსებობს, თუ გესმის, რომ ეს ყველაფერი სწორედ ამ ნორმალურ სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს,“ – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

„ინტერპრესნიუსი“