სებ-მა ახალი მოთხოვნები შეიმუშავა – საფინანსო პროდუქტების ფასები გამჭვირვალე გახდება

0
132

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჩართულობით, ფინანსური ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობისა და გამჟღავნების ახალი მოთხოვნები შეიმუშავა, რომელთა მთავარი მიზანი კომბინირებულად გაყიდვადი საფინანსო პროდუქტების ფასების გამჭვირვალობა, მომხმარებელთა მიერ მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება და ბაზარზე კონკურენციის წახალისებაა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნულის გათვალისწინებით, მომზადდა “ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში” შესაბამისი ცვლილებების პროექტი, რომელსაც ეროვნული ბანკი დაინტერესებულ მხარეებს საკონსულტაციოდ სთავაზობს.

პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებზე, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე – საკრედიტო კავშირებსა და სესხის გამცემ სუბიექტებზე.

„ცვლილების მიხედვით, მომხმარებლებისთვის საფინანსო პროდუქტების კომბინირებულად შეთავაზებისას, ფინანსურმა ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ შეთავაზებაში შემავალი თითოეული საფინანსო პროდუქტის ფასის გამჭვირვალედ მითითება და მომხმარებლებისთვის სათანადო გამჟღავნება.

კერძოდ, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს და მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია როგორც კომბინირებული შეთავაზების ფარგლებში საფინანსო პროდუქტისთვის მინიჭებული, ისე საფინანსო პროდუქტის როგორც დამოუკიდებელ პროდუქტად სარეალიზაციო ფასების შესახებ.

აღნიშნული ცვლილებით, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მოახდინონ ერთი, ან რამდენიმე ფინანსური ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული საფინანსო პროდუქტის შედარება, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლის მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას.

ფინანსური ორგანიზაციებისთვის ფასის მითითება არ არის სავალდებულო ისეთ საფინანსო პროდუქტზე, რომელსაც ისინი მომხმარებელს სთავაზობენ მხოლოდ სხვა საფინანსო პროდუქტებთან კომბინაციაში და რომელიც მათთვის არ არის ხელმისაწვდომი როგორც დამოუკიდებელი საფინანსო პროდუქტი. ასეთ შემთხვევაში, საკმარისია ფინანსურმა ორგანიზაციამ მიუთითოს და მომხმარებელს გაუმჟღავნოს, რომ კონკრეტულ საფინანსო პროდუქტს მომხმარებელი ცალკე ვერ შეიძენს“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მათივე ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნების შესრულება სუბიექტებისთვის 2023 წლის 1-ლი მარტიდან იქნება სავალდებულო.