კობა გვენეტაძეს Global Finance-ის 2022 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადაეცა

0
97

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, წამყვანი საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Finance – ის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ცენტრალური ბანკირების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის ზედიზედ მეხუთედ დასახელდა.

“საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა კვლავ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ეროვნული ბანკის ქმედებები ქვეყანაში გრძელვადიან და მდგრად მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

Global Finance საფინანსო სექტორში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს და საუკეთესო მმართველთა შორის ზედიზედ მეხუთედ დასახელება დიდი პატივია. მსურს აქვე აღვნიშნო, რომ ეს ყოველივე საქართველოს ეროვნული ბანკის კვალიფიციური გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგია”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

2022 წლის Central Banker Report Cards – ში 96 ცენტრალური ბანკირი, მათ შორის, ევროკავშირის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებიც შეფასდნენ და მხოლოდ 21-მა მმართველმა მოიპოვა უმაღლესი შეფასება.

კობა გვენეტაძესთან ერთად, Global Finance-ის მიერ გამოვლენილ ცენტრალური ბანკის საუკეთესო მმართველებში შვედეთის, ახალი ზელანდიის, ბრაზილიის, ჩინეთის, ისრაელის და სხვა, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებიც შედიან.

Global Finance-ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს. ცენტრალური ბანკების მმართველების შეფასება ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება.