Reuters – Credit Suisse დათანხმდა, მის წინააღმდეგ აშშ-ში აღძრული საქმის მოსაგვარებლად, 495 მილიონი დოლარი გადაიხადოს

0
132

შვეიცარიული ბანკი Credit Suisse დათანხმდა, გადაიხადოს 495 მილიონი აშშ დოლარი მის წინააღმდეგ აშშ-ში აღძრული საქმის მოსაგვარებლად.

როგორც Reuters-ი წერს, საქმე ეხება წარსულში დაშვებულ შეცდომებს, რომლებმაც შელახეს შვეიცარიული ბანკის რეპუტაცია.

Credit Suisse-ის განცხადებით, ის გადაიხდის ანაზღაურებას ნიუ ჯერსის გენერალური პროკურორის მიერ წაყენებული პრეტენზიების მოსაგვარებლად, რომელიც იპოთეკით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების 2008 წლამდე არსებულ ბიზნესს უკავშირდება.

გენერალური პროკურორის ოფისი ამტკიცებდა, რომ Credit Suisse-მა „შეცდომაში შეიყვანა ინვესტორები და ჩაერთო თაღლითობაში ან ტყუილში იპოთეკით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების შეთავაზებასა და გაყიდვასთან დაკავშირებით“.

გენერალური პროკურატურა 2013 წელს აღძრულ საქმეზე ზიანის ასანაზღაურებლად 3 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვდა.

„Credit Suisse მოხარულია, რომ მიაღწია შეთანხმებას, რომელიც საშუალებას აძლევს ბანკს გადაწყვიტოს იპოთეკით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების ერთადერთი დარჩენილი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მარეგულირებლის პრეტენზიებთან. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ბანკის ძალისხმევაში, აქტიურად გადაჭრას სასამართლო დავისა და მემკვიდრეობითი საკითხები“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ Credit Suisse-ის თავმჯდომარემ, აქსელ ლემანმა გასულ კვირას ბანკის რეფორმირების პირობა დადო, რომელმაც 2021 წელს მილიარდობით დოლარი დაკარგა.

Reuters-ი წერს, რომ შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკი ცდილობს, გაჯანსაღებას სკანდალების სერიის შემდეგ, რომელთა შორისაა გასულ კვირას საინვესტიციო კომპანიის Archegos-ის დაშლის შემდეგ ხუთი მილიარდი დოლარის დაკარგვა. ამასთან, ივნისში ბანკი დაადანაშაულეს იმაში, რომ ვერ აღკვეთა კოკაინით მოვაჭრე ბულგარული დაჯგუფების მიერ ფულის გათეთრება.

ბერმუდის სასამართლომ კი მარტში დაადგინა, რომ Credit Suisse-ის სიცოცხლის დაზღვევის განყოფილებამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მიყენებული ზარალის გამო, კომპენსაციის სახით ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს.

ipn.ge