ფინანსთა მინისტრი 2023 წლის ბიუჯეტის პარამეტრებს განმარტავს

0
128

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, 2023 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრა და აღნიშნა, სოციალური და უსაფრთხოების მიმართულებით თანხები მნიშვნელოვნად იზრდება.

მინისტრის განცხადებით, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრები 5.5%-იან ეკონომიურ ზრდაზე არის დაფუძნებული.

ლაშა ხუციშვილის თქმით, პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის მეორე წარდგენა 5 ნოემბერს მოხდება, დეკემბერში კი დოკუმენტის საბოლოო განხილვა იქნება.

„ბიუჯეტის პარამეტრები 5.5%-იან ეკონომიურ ზრდაზე არის დაფუძნებული. ტრადიციულად, ეს არის კონსერვატიული დაგეგმვა, რომლითაც ბიუჯეტის წარდგენას ვიწყებთ და ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საბიუჯეტო დეფიციტი 2,8%-მდე არის შემცირებული.

მიუხედავად ამისა, ძირითადად, 2 მიმართულებას გამოვყოფდი, რაზეც აღნიშნულ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხები მიემართება. ეს არის სოციალური მიმართულება და უსაფრთხოების მიმართულება. ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდაა.

პირველი ეს არის სოციალური მიმართულები. იზრდება პენსიები, სხვადასხვა სახის სოციალური დახმარებები. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა თითოეული კატეგორიის მიმართულებით გაქვს.

გარდა ამისა, დაპირებისამებრ, საჯარო სამსახურში ხელფასების მოწესრიგების საკითხი გრძელდება. მომავალ წელსაც 10%-ით გაიზრდება ხელფასები, გარდა პოლიციისა, ჯარისა და უსაფრთხოების სამსახურისა, სადაც მომდევნო წელს ხელფასების ზრდა 20%-ის ოდენობით იქნება.

ასევე მნიშვნელოვანი თანხები არის უსაფრთხოების მიმართულებით გამოყოფილი, რომელიც უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს მიემართება. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯების ოდენობას არსებითად არ ვამცირებთ.

მომდევნო წელს კაპიტალური დანახარჯები 6 მილიარდ ლარამდე იქნება, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია იმისთვის, რომ ჩვენ საჯარო სერვისები, მათ შორის, საჯარო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ და აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი ნაწილი ბუნებრივია, ჩქაროსნულ მაგისტრალზე მიემართება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.