მიგრანტები საზღვარზე უნდა შევაჩეროთ და ბიზნესიც ვეღარ დაასაქმებს – ნიკა ნანუაშვილი

0
162

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურისტის, ნიკა ნანუაშვილის განცხადებით, თუ კი რომელიმე ქვეყნიდან მიგრანტების ნაკადი პრობლემას უქმნის სახელმწიფოს, მთავრობამ საერთაშორისო კანონმდებლობით მონიჭებული მექანიზმები უნდა გამოიყენოს და ეს ნაკადი საზღვართან შეაჩეროს.

“მე ამ საკითხს შემდეგნაირად ვუყურებ, მგონია, რომ ბიზნესს არ უნდა ვუსაყვედუროთ, რატომ ასაქმებ რუსს, აზერბაიჯანელს, არაბს თუ მოზამბიკელს, ნუ შემოვუშვებთ ქვეყანაში და ბიზნესიც აღარ დაასაქმებს”,- აცხადებს “ბიზნეს ფორმულასთან” საუბრისას ნიკა ნანუაშვილი.

მიგრანტების დასაქმების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ქვეყანაში რუსეთიდან და ბელორუსიდან მიგრანტების რეკორდული რაოდენობა შემოვიდა. ხოლო ბიზნესი ქვეყანაში შექმნილი კადრების დეფიციტის გამო, მიგრანტების დასაქმებაზე ალაპარაკდა.

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოში რუსეთიდან 697 900 პირი შემოვიდა, ქვეყნიდან კი 639 300 გავიდა. რუსეთის მოქალაქეების შემოსვლებსა და გასვლებს შორის სხვაობამ 58 600 უნიკალურ პირს მიაღწია – მათ საქართველო ჯერ არ დაუტოვებიათ.

ეს კი იმ ფონზე რომ საქართველოში სამუშაო ძალა წლიდან წლამდე მცირდება და კადრების დეფიციტი ყველა კომპანიისთვის ნომერ პირველი გამოწვევაა. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში სამუშაო ძალა პანდემიამდელ ნიშნულთან შედარებით, წლიურ ჭრილში 6.8%-ით არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს რომ ქვეყანას 102 500 შრომისუნარიანი მოქალაქე გამოაკლდა, კლების ტენდენცია შეინიშნება წინა კვარტალთან შედარებითაც, სამუშაო ძალა 45 400 ადამიანით შემცირდა და ჯამურად მილიონ ნახევარი ადამიანი შეადგინა.

businessformula.ge