თიბისი კაპიტალი: ჭარბი დოლარი სებ–ის რეზერვებზე უფრო აისახება, ვიდრე ლარის გამყარებაზე

0
135

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლების თანახმად, სექტემბრის ექსპორტი ძლიერი იყო, თუმცა, იმპორტი უფრო ზომიერი, რაც შიდა მოთხოვნის დანორმალიზების არგუმენტია. თუმცა, გუგლის მობილურობისა და სექტორული ბრუნვების ინდიკატორები კვლავ ძლიერ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები მოგვიანებით, ამავე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი.

„საერთაშორისო განვითარებების მხრივ, აღსანიშნავია, რომ ამერიკაში მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის შედეგად, ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის აწევის მოლოდინები კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც დოლარის ადგილობრივ და საერთაშორისო ფასს შორის ისტორიულად მაღალი დიფერენციალის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მიუთითებს.

 

ამ მხრივ, ჩვენი საწყისი შეფასება საქართველოში დეპოზიტების ბაზარზე მხოლოდ მცირე გადმოცემას ითვალისწინებდა. შემდგომ, საბანკო სექტორში დაგროვებული ჭარბი უცხოური ვალუტის გათვალისწინებით, მოლოდინები უფრო დეპოზიტების განაკვეთების დამატებით შემცირებისკენ იყო. სადღეისოდ, როგორც ჩანს, საბაზო სცენარი საქართველოში დოლარის დეპოზიტების განაკვეთების დიდწილად უცვლელად შენარჩუნებაა.

ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრაქტიკა საკმაოდ არაერთგვაროვან სურათს იძლევა.
სავალუტო ბაზარზე ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ზეწოლა ჩვენს მოლოდინებთან შესაბამისია.

კვლავ ვფიქრობთ, რომ დოლარის მიწოდება ჭარბი იქნება, თუმცა, ასევე ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ მომდევნო თვეებში ეს უფრო სებ-ის სავალუტო რეზერვების ზრდაში აისახება, ვიდრე დოლართან ლარის მკვეთრ გამყარებაში“, – ნათქვამია თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში.