„არსებული გამოწვევების ფონზე, 2023 წლის ბიუჯეტმა უნდა უზრუნველყოს ფისკალური და მონეტარული სტაბილურობა, ინფლაციის შემცირება, ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობა და იყოს საფუძველი მდგრადი ზრდის“

0
111

2023 წლის ბიუჯეტმა, პანდემიური და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული შოკების შემდეგ, ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს ფისკალური და მონეტარული სტაბილურობა, ინფლაციის შემცირება, ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობა და იყოს საფუძველი მდგრადი ზრდის“. – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მომავალ წელს მთავრობა 21 მილიარდ 154 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

„საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები გაიზრდება 10%-მდე, ხოლო პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების მომატება გათვალისწინებულია 20%-ით.

იზრდება პენსიები, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მოიმატებს 65 ლარით, 365 ლარამდე. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით 295 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება.

ამ კუთხით მატებაა სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს 494 მილიონი ლარი, რაც პენსიების ყველაზე დიდ ზრდას წარმოადგენს. შედეგად, ამ მიმართულებით გასაწევი ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 16%-ია.“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია პარლამენტის შენიშვნებით და რეკომენდაციებით მთავრობას უკან დაუბრუნდება. საკანონმდებლო ორგანოში საბიუჯეტო პროცესი დეკემბერში, ბიუჯეტის დამტკიცებით დასრულდება.