„რუსთავის აზოტში“ მიმდინარე პროექტი არის უპრეცედენტო ქართულ რეალობაში – მაია ბითაძე

0
133

„პროექტი, რომელიც საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების გამოყენებასა და მთელი საწარმოო ციკლის ჩანაცვლებას ითვალისწინებს, არის უპრეცედენტო ქართულ რეალობაში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ რუსთავის აზოტში ვიზიტისას განაცხადა, რომელიც საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად ესწრებოდნენ.

„ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდა, არის წინგადადგმული ნაბიჯი, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ „რუსთავის აზოტის“ საქმიანობის გავლენა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე და კლიმატის ცვლილებაზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. პროექტი, რომელიც საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების გამოყენებასა და მთელი საწარმოო ციკლის ჩანაცვლებას ითვალისწინებს, არის უპრეცედენტო ქართულ რეალობაში.

ვფიქრობ, ეს იქნება ნათელი მაგალითი ყველა კომპანიისთვის, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, დონორების მხრიდან შეუძლიათ მიიღონ სათანადო დაფინანსება იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ დაგეგმილი საწარმოო პროცესების მართვის ციკლი იქნება თანამედროვე და ექნებათ სურვილი, მოექცნენ სწორი გარემოსდაცვითი მმართველობის ფარგლებში“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

ცნობისთვის, „რუსთავის აზოტსა“ და „აზოტმჟავას კლიმატის ცვლილებების სამოქმედო ჯგუფის“ – „ნაკაგის“ ოფიციალურ წარმომადგენელს – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების თანამშრომლობას (GIZ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს აღნიშნული ჯგუფის წევრ ქვეყნებში აზოტმჟავას მწარმოებლების აღჭურვას კლიმატის ცვლილების გამომწვევი აზოტის ქვეჟანგის (N2O) მშთანთქმელი ტექნოლოგიით, რითაც ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიების შემცირება მოხდება. გერმანიის მთავრობა უზრუნველყოფს პროექტში მონაწილე ქვეყნების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას.

გერმანიის მთავრობა ტექნოლოგიური გადაიარაღების პროცესში რუსთავის აზოტის საწარმოს 2 მილიონი ევროს ღირებულების გრანტით დაეხმარება, რათა ჰაერში გაფრქვევები შემცირდეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებლის დაცვის ფედერალური სამინისტრო პროექტის ღირებულებას 50%-მდე დააფინანსებს, დანარჩენს კი თავად „რუსთავის აზოტი“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „რუსთავის აზოტის“ ქარხანამ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ავტომატური თვითმონიტორინგის სისტემა გამართა და მონიტორინგის შედეგებს მათ უწყვეტ რეჟიმში აწვდის.

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, რუსთავში, ნებისმიერ საწარმოში საწარმოო პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი და ახალი ინვესტიცია ქალაქის ინტერესს ემსახურება. რუსთაველების მთავარი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა.

გერმანელმა სპეციალისტებმა აზოტმჟავას საამქროში განახორციელეს მონიტორინგი აზოტის ქვეჟანგის (N2O) ემისიების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. შედეგად, ქარხანას მიღებული აქვს ემისიების შემცირების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. საბოლოოდ, ტექნიკურ ეკონომიკური კვლევების საფუძველზე დადგინდა შესაბამისი ემისიების ჩამჭერი ტექნოლოგიის დეტალები.