რამე უნდა მოვიფიქროთ, თორემ მივიღებთ დიდ ნაკადს იმ ქვეყნებიდან, სადაც ჩვენზე დაბალია ცხოვრების დონე და ხელფასები – ლევან ვეფხვაძე

0
4236

ქვეყანაში მუშა ხელის დეფიტიცის გამო, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან მოხდება სამუშაო ძალის ჩანაცვლება.

მისი თქმით, ბიზნესი ძალიან დიდ ნაკადს მიირებს იმ ქვეყნებიდან, სადაც ჩვენზე დაბალია ცხოვრების დონე და ხელფასები

„თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიციური კადრების მიღების თვალსაზრისით, სახელმწიფო და ბიზნესმა ორმხრივად უნდა იმუშაოს. ბიზნესს, კომპანიებს თვითონ აქვთ ტრენინგ-ცენტრები, ბევრმა პროფესიული სასწავლებელიც გააკეთა და იქ რესურსს ხარჯავენ კადრების გადამზადებისთვის.

ბოლო 15 წელია სახელმწიფო არასწორი გზით მიდიოდა და ეს უკვე ვაღიარეთ, რომ არასწორი იყო, როცა ბიზნესთან დამოუკიდებლად იღებდა კვალიფიკაციებზე, სტანდარტებსა თუ სპეციალობებზე გადაწყვეტილებებს. ამ მიმართულებით უკვე დაიწყო ბიზნესთან კონსულტაციები.

პრემიერთან შეხვედრაზეც გამოითქვა სურვილი პრემიერის მხრიდან, რომ გაგრძელდეს შეხვედრები ამ კუთხით. ალბათ ეს იქნება გრძელვადიანი თავის ტკივილი, რომელსაც დღესვე რამე უნდა მოვიფიქროთ და ვუშველოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, მივიღებთ ძალიან დიდ ნაკადს იმ ქვეყნებიდან, სადაც ჩვენზე დაბალია ცხოვრების დონე და ხელფასები. თუ შემოვა სამუშაო ძალა, ასეთი ქვეყნებიდან შემოვა, თორე დასავლეთ ევროპიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, საქართველოში სამუშაოდ არავინ ჩამოვა.

შედეგად, მივიღებთ სამუშაო ძალის ჩანაცვლებას. ეს პროცესი გარდაუვალი იქნება, თუ ადგილზე არ იქნება სამუშაო ძალა, იმისათვის, რომ სამუშაო შესრულდეს,” – განაცხადა ვეფხვაძემ რადიო „პალიტრასა” და „პალიტრანიუსის” გადაცემაში „საქმე”.