თუ ახლა შეიძლება ოდნავ მაინც ლაპარაკი პასუხისმგებლობაზე, არის ექსპერტიზის ბიუროს პასუხისმგებლობა – ირაკლი როსტომაშვილი ვაკის პარკში მომხდარზე

0
216

თუ ახლა შეიძლება ოდნავ მაინც ლაპარაკი პასუხისმგებლობაზე, არის ექსპერტიზის ბიუროს პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ კომპანია „არსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი როსტომაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც როსტომაშვილმა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შეფასებისას აღნიშნა, შეიძლება შადრევანში მექანიკური დაზიანებაც ყოფილიყო.

„სამუშაოს იბარებს ექსპერტიზის ბიურო, ტარდება ექსპერტიზა და დგება აქტი. თუ ახლა შეიძლება ოდნავ მაინც ლაპარაკი პასუხისმგებლობაზე, არის ექსპერტიზის ბიუროს პასუხისმგებლობა. იმ ჩინოვნიკს, ვისაც მოუტანეს დოკუმენტი, რომ ყველაფერი გამართულია, მიიღებდა ექსპლუატაციაში. ცოტა გადასახადი არაა ექსპერტიზის ჩატარებისას.

ახლა ლაპარაკი იმაზე, ეს რატომ მივიღეთ ექსპლუატაციაში, ამ შემთხვევაში დანაშაული იქნებოდა რომ არ მიგვეღო, როცა იქნებოდა ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა. ექსპერტი რომ მოიტანს დასკვნას, რა ხელშეკრულებაცაა გაფორმებული, ის წესიერად არის შესრულებული და ეს შემოწმებული გვაქვს, უნდა გააფორმოთ მიღება ჩაბარების აქტი და აუნაზღაუროთ სამუშაო.

პოლიციამ რომ 100 ადამიანი დაკითხა, მე მაგალითად, ასე მოვიქცეოდი სპეციალისტებს ვაჩვენებდი კამერებს, რა მოხდა… მაჩვენონ და პირდაპირ გეტყვით რისი ბრალი იყო. ცხადია, შეიძლება მექანიკური დაზიანებაც ყოფილიყო, რის შემდეგაც ამომრთველმა არ იმუშავა“, – განაცხადა როსტომაშვილმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-ს განმარტებით, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.