Colliers Georgia – 9 თვეში თბილისში 31 023 ბინა გაიყიდა, ფასი 11%-ით გაიზარდა

0
134

2022 წლის იანვარ-სექტემბერში, თბილისში 31 023 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Colliers Georgia-ს ავრცელებს.

მათივე მონაცემებით, წლიური ზრდა 21%-ის ფარგლებშია და 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზრის ზომა 35%-ით, 1.5 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

9 თვის მდგომარეობით, თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი 137%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 5%-ით გაიზარდა.

9 თვეში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი თბილისის ცენტრსა და ფართო ცენტრში 11%-ითაა გაზრდილი, გარეუბნებში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ამასთან, ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი ზრდის მაჩვენებელი 7% იყო.

რაც შეეხება მხოლოდ სექტემბრის მონაცემებს, გასულ თვეში, თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში მაჩვენებელი 167%-ით გაიზარდა, ეკონომ სეგმენტში კი ზრდა 5% იყო.

სექტემბერში, ახალ პროექტებში ტრანზაქციების ზრდის მაჩვენებელმა 29% შეადგინა, ძველ პროექტებში კი – 22%.

გასულ თვეში, თბილისში სულ 3 831 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა და წინა წლის სექტემბერთან შედარებით, 27%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 42%-ით, 196 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

Colliers Georgia-ს ინფორმაციით, სექტემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ქალაქის ცენტრში 16%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრში – 15%-ით, გარეუბნებში კი – 11%-ით.

რაც შეეხება ძველ ბინებს, მათი საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, გარეუბნებში 10%-ითაა გაზრდილი, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.