ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, იურგენ რიგტერნიკს შეხვდა

0
156

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, იურგენ რიგტერნიკს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.

„ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უწევს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზაზე.

მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის დაფინანსებით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხორციელდება ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, საბანკო სექტორისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

ლაშა ხუციშვილმა EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების, ასევე, სამომავლო პროგნოზების შესახებ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ არსებული გეოპოლიტიკური შოკის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს, მდგრადობასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, იურგენ რიგტერნიკმა პოზიტიურად შეაფასა ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დინამიკა და აღნიშნა, რომ EBRD მზადაა პოსტ-პანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის განვითარების პროცესში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.