რას მოუტანს ეკონომიკას მასობრივი იმიგრაცია

0
264

რუსეთიდან მობილიზაციას გამოქცე­ულთა საქართველოში შემოსვლა არ წყდება. მიუხედავად იმისა, ვარაუდობენ, რომ საქართველოში მათი მხოლოდ ნაწილი დარჩება. მათი შემოსვლა ქვეყანას ეკონომიკურად უკვე დაეტყო, სხვა საკითხებზე რომ არაფერი ვთქვათ. ისინი უკვე ეძებენ სამსახურებს და საქმდებიან, გაიზარდა მოთხოვნა პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებზე, გაძვირდა ფართობებისა და ბინების გასაყიდი და გასაქირავებელი ფასი… ამას ისიც ემატება, რომ ტურიზმის სეზონი მიილია და ამ სფეროდან შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდება. ომის გამო შემოსული პირველი ნაკადებიდან მიღებული დადებითი ეკონომიკური ეფექტი საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა უკვე შეაფასეს, როგორც ერთჯერადი. ყოველივე ეს რა გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე და როგორი იქნება მისი ზრდის მაჩვენებლები, რა პრობლემების წინაშე დგება ქვეყანა, ამ საკითხებზე “კვირის პალიტრა” ეკონომისტს, აკადემიკოს ლადო პაპავას ესაუბრა.

– რაც უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო, საქართველოში რუსეთიდან, ბელარუსიდან და, რა თქმა უნდა, უკრაინიდან ადამიანების ნაკადი წამოვიდა და ამას ჰქონდა პოზიტიური ეფექტი, რადგან მათ მოჰქონდათ ფინანსური რესურსი და იწყებდნენ ბიზნესს, ყიდულობდნენ უძრავ ქონებას. ცხადია, ეს ეკონომიკურ აქტიურობაზე დადებითად აისახებოდა, რაც დაადასტურა სტატისტიკურმა მაჩვენებლებმა. სხვა­დასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ სწორად შეაფასა ის ეკონომიკური ტენდენციები, რაც განაპირობა ამ ადამიანების საქართველოში გადმოსვლამ და აქ ბიზნესის დაწყებამ და, რა თქმა უნდა, ეს ერთჯერადი ეფექტია. უცხოელებს რომ არ ეთქვათ, ეს ჩვენც კარგად ვიცოდით. მთავარია შენარჩუნდეს ის პოზიტიური ტენდენცია ეკონომიკაში, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობას აქვს. რა თქმა უნდა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ეკონომიკური ზრდის ის სწრაფი ტემპი შევინარჩუნოთ, რაც იყო და თუნდაც ახლა რაც არის – 10%-ზე მაღალი, მაგრამ 2022 წლის 6-7%-ის დონეზე დამთავრება, ვფიქრობ, სავსებით რეალურია.

– როცა ერთჯერადი ეფექტი აღარ იქნება, რის საფუძველზე შეიძლება ეკონომიკის ზრდის თუნდაც 6-7%-ის ნიშნულზე პროგნოზირება?

– ერთჯერადი ეფექტი ხომ წლეულს არის, ესე იგი, წლის საერთო შედეგებში აისახება. ამიტომ ეკონომიკური ზრდა წელს ნამდვილად გვექნება. მთავარია, ეს პოზიტიური ეკონომიკური სიტუაცია ურთულესი გლობალური დაპირისპირების ფონზე (როცა უკრაინაში ომი მძვინვარებს, ხოლო რუსეთს დასავლეთმა ეკონომიკური სანქციები დაუწესეს), შენარჩუნდეს და გაძლიერდეს, ამას კი ეკონომიკური პოლიტიკის კორექტირება სჭირდება.

– რუსეთიდან მობილიზაციას გამოქცეულ ახალ ნაკადს შესაძლოა სულაც არ ჰქონდეს ფულადი რესურსი და ესეც ხომ იმოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე?

– რა თქმა უნდა, არის პრობლემა, მაგრამ ჯერ რაიმე კონკრეტულის თქმა გამიჭირდება. ჩვენ ისიც არ ვიცით, ახლა შემოსულთაგან რამდენი დარჩა ან დარჩება საქართველოში. ბევრი საქართველოს იმისთვის ირჩევს, რომ ის მომიჯნავეა რუსეთთან, არ არის სავიზო რეჟიმი და საზღვრის გადმოკვეთა საავტომობილო ტრანსპორტით ან ფეხითაც შეიძლება. სავსებით შესაძლებელია, საქართველო ბევრისთვის შუალედური პუნქტი იყოს სხვა ქვეყნებში გადასასვლელად. მართალია, შემოდინება მაღალია, ხოლო გადინება მასზე ნაკლები, მაგრამ მაინც არის და არც ისე მცირე. რა თქმა უნდა, შემოსულთა ნაწილი დარჩება. გასათვალისწინებელია, რომ ის ხალხი, რომელიც ერთი წელია შემოვიდა, მაქსიმალურად შეეცდება, არ გაიწვიონ რუსეთის სამხედრო ძალებში.

– ჩავთვალოთ, რომ ვინც საქართველოში დარჩება, რუსეთში საშუალო შემოსავლის მქონენი იყვნენ. მათ საქართველოში ყოფნას ქართული ეკონომიკისთვის რა დადებითი და უარყოფითი ეფექტები ექნება?

– რა სამუშაო ადგილებიც არის, რა პროფესიებზეც არის მოთხოვნა, მათ უნდა მოახერხონ მათზე მორგება. თუ ვერ მოახერხებენ, იძულებული იქნებიან გადავიდნენ სხვა ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში, სომხეთში ან აზერბაიჯანში, როგორც ჩვენს მოსაზღვრე ქვეყნებში.

ჩვენთან დასაქმების სფეროში ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა კვალიფიციური კადრია. უმუშევრების დიდი ნაწილის კვალიფიკაცია ძალზე დაბალია, რაც მათ დასაქმებას აფერხებს. ვერ ვიტყვი, რამდენად კვალიფიცირებული ხალხი ჩამოდის რუსეთიდან, აქვთ თუ არა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაცია. გასათვალისწინებელია ქართული ენის არცოდნის პრობლემაც, რაც ცალკეულ შემთხვევაში დასაქმებისთვის შეიძლება ბარიერი გახდეს. ფაქტია, შემოდიან შრომის­უნარიანი მამაკაცები და თუ მათ არ ექნებათ ის ფინანსური რესურსი, რომ აქ თავი ირჩინონ, რა თქმა უნდა, შეეცდებიან გავიდნენ საქართველოდან.

არის კიდევ ერთი მომენტი – უცხო­ელების საქართველოში შემომსვლელთა ასეთი გაზრდილი ნაკადი აისახება ჩვენს სამშენებლო ბაზარსა და საბინაო ფონდზეც. ამან განაპირობა გაძვირება, როგორც გასაყიდი ბინებისა და სახლების, ასევე გასაქირავებელი ფართობების. ამიტომ ყველა იმ მესაკუთრის შემოსავალი, რომელთაც ფართობები აქვთ, რა თქმა უნდა, გაიზრდება.

trailerebi5-1664709759.jpg

– მათი შემოსავალი კი გაიზრდება, მაგრამ რა გავლენას იქონიებს ეს ქვეყნის ეკონომიკაზე და გადაწონის თუ არა იმ სოციალურ პრობლემებს, ფართობების გაყიდვისა და გაქირავების ფასის ზრდის გამო ისედაც მწვავე რომ იყო და ახლა უფრო გამწვავდება?

– აისახება თუ არა ეკონომიკაზე, დამოკიდებულია მასშტაბებზე და სტატისტიკის გარეშე ამაზე საუბარი მარჩიელობას ჰგავს. ეს პრობლემა უპირატესად სტუდენტებისთვის შეიქმნა. ძალიან ბევრი იძულებულია დაიქირაოს ბინა, როდესაც თბილისში ან სხვა საუნივერსიტეტო ქალაქში სასწავლებლად ჩამოდის, რადგან ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებს, სამწუხაროდ, არა აქვთ სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლები. ეს დიდი ხნის პრობლემაა და სახელმწიფო დონეზე თუ არ გადაწყდა, სტუდენტების მოთხოვნა ყოველთვის იქნება არა უბრალოდ მწვავე, არამედ სამართლიანად მწვავე.

არ შეიძლება უნივერსიტეტი არსებობდეს სტუდენტის ფულით, გინდ გრანტი იყოს და გინდ სახლიდან მოჰქონდეს ფული. ჩვენ ხომ ევროკავშირში გაწევრება გვსურს, მაშინ უნდა გადავიდეთ უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ევროპულ მოდელზე, საბიუჯეტო დაფინანსებაზე. არ შეიძლება უნივერსიტეტი ხელებში უყურებდეს სტუდენტს. უნივერსიტეტი არ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ყველანაირად შეინარჩუნოს სტუდენტი, რაც უნდა დაბალი მოსწრების იყოს, იმის გამო, რომ ფული არ დაკარგოს. დღეს უნივერსიტეტებს ამის ფუფუნება არა აქვთ, რადგან შემოსავალს დაკარგავენ. ასეთ პირობებში სახელმწიფომ არა მარტო უნდა დააფინანსოს წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტები, არამედ პრიორიტეტულად გახადოს მათთვის საერთო საცხოვრებლების აშენება. ეს ჩვეულებრივი ანაბანაა მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში.

– კიდევ ერთი პრობლემაა ინფლაცია. ვამბობდით, რომ ეს, ძირითადად, გამოწვეულია მიწოდების ფაქტორებით. ამას ახლა მოთხოვნის გაზრდით განპირობებული ინფლაციაც ხომ დაემატება, რადგან გაცილებით მეტ ადამიანს სჭირდება საკვები და პირველადი მოხმარების საგნები. წლიური ეკონომიკური ზრდაც ნაკლები იქნება, ვიდრე შარშან, ეს ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობაზე როგორ აისახება?

– რა თქმა უნდა, ინფლაცია გაიზრდება და უფრო მეტსაც გეტყვით – რაც მეტი შემოსული ხალხი დარჩება საქართველოში, გაიზრდება მოთხოვნა, ეს კი ნიშნავს, რომ უნდა გაიზარდოს იმპორტიც, რადგან სამომხმარებლო კალათის 80% იმპორტული საქონელია. ამ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევის გამო მიწოდების კლებით გამოწვეულ ინფლაციას ზედ დაედება მოთხოვნის ზრდით გამოწვეული ინფლაცია. შედეგად, ეროვნულ ბანკს ერთადერთი გზა დარჩება – გააძვიროს ფული, რასაც აკეთებს კიდეც.

– იქნება კი ეს საკმარისი?

– ეს არის გამოსავალი მხოლოდ იმისთვის, რომ მოთხოვნის ზრდით გამოწვეული ინფლაცია მოითოკოს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ გადაწყვეტს მიწოდების ჯაჭვების რღვევით გამოწვეული ინფლაციის პრობლემას.

– რისი გაკეთება შეიძლება, რომ ქვეყანა ამ პრობლემებს გაუმკლავდეს და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისთვის კიდევ ერთი დარტყმა არ აღმოჩნდეს?

– უპირველესად გადასაწყვეტია ტექნიკური საკითხები, დასაზუსტებელია, ქვეყანაში ჩამოსულთაგან ვის რა სტატუსი მიენიჭოს, უნდა დაუწესდეთ თუ არა რაიმე მოთხოვნები და ეს ოპერატიულად არის გასაკეთებელი. დანარჩენი საქართველოს ეკონომიკისთვის, არის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებასთან. უნდა განვითარდეს მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობის სექტორი. ამ ეტაპზე მშენებლობაში უპირატესად განვითარებულია მხოლოდ ერთი მიმართულება – საბინაო. სამრეწველო მშენებლობა კი არ არის განვითარებული, იმიტომ, რომ თავად მრეწველობა არ არის განვითარებული. როცა მრეწველობის განვითარებას ხელი შეეწყობა, მერე დაიწყება სამრეწველო მშენებლობის ზრდაც. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია, რადგან ამის გარეშე ქვეყნის ეკონომიკას მომავალი ვერ ექნება.

– ხელისუფლებას საამისოდ რისი გაკეთება ან რა დრო დასჭირდება და რაც მთავარია, გვაქვს თუ არა ამის რესურსი?

– ამის რესურსი საქართველოს მთავრობას აქვს. ბიუჯეტი გაიზარდა. ახლა მთავარია უფრო გაფართოვდეს პროექტი “აწარმოე საქართველოში”, საიდანაც უნდა ამოღებულ იქნეს ტურისტული კომპონენტი. უნდა იყოს მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით კი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სამრეწველო გადამუშავება.

– ამ პროექტში ძალიან მცირეთანხიან გრანტებს გასცემენ და საკმარისი იქნება ამ სფეროების განვითარებისთვის?

– ამიტომ ვთქვი, რომ უნდა გაიზარდოს არა მარტო პროგრამის დაფინანსება, არამედ თითოეული გრანტის ოდენობა და მიზნობრიობაც. ეს აუცილებლად გასაკეთებელია, რათა მომზადდეს ნიადაგი რეგიონებში გადამმუშავებელი საწარმოების მასობრივად გასახსნელად.რაც შეეხება გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, ეს იმ მოდელზე გადასვლით მიიღწევა, რომელსაც ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა ჰქვია.

– ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბა, არადა, საქართველო ბელარუსთან დაკავშირებულია ეკონომიკურადაც.

– ბელარუსის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტი საერთაშორისო ნორმების დარღვევა და საქართველოს სუვერენიტეტის აბსოლუტური უპატივცემულობაა. ამას უნდა მოჰყვეს რეაგირება და ეს გარდაუვალია. თუმცა ნამდვილად არ არის საჩქარო ელჩის გამოწვევა. ეს უნდა იყოს უკანასკნელი ნაბიჯი, რადგან მინსკს აღარაფერი შეაკავებს, რომ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. თუ დავანგრევთ ყველა ხიდსა და ბელარუსს უკანდასახევ გზას არ დავუტოვებთ, მერე რაღა დაგვრჩება? ჩვენი ამოცანა ის არის, რაც შეიძლება ნაკლებმა სახელმწიფომ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მეორე, რაც მნიშვნელოვანია და რაზეც ილაპარაკა საქართველოს პრეზიდენტმა, ის არის, რომ ჯერ დანიშნული არ არის ბელარუსში საქართველოს ელჩი. ჯობს მაქსიმალურად გაჭიანურდეს ეს პროცესი და გარკვეულწილად ვაჭრობის საგანიც გახდეს. ჩვენ კი არ გავწყვიტოთ დიპლომატიური ურთიერთობა, არამედ ელჩის დანიშვნა გახანგრძლივდეს და საკითხი უკვე შექმნილი ვითარების შესაბამისად გადაწყდეს.

რაც შეეხება ეკონომიკურ კავშირებსა და გავლენებს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა რეაქცია ექნება საქართველოს მთავრობას. თუ ის არ აჰყვება ოპოზიციის მოწოდებებს, რომელსაც ქვეყნის ინტერესების დაცვა კი არ სურს, არამედ მთავრობის დაზიანება თუნდაც ქვეყნის დაზიანების ხარჯზე და ამით არჩევნების მოგება, ჯერჯერობით იმის თქმა, რომ საქართველო-ბელარუსის ეკონომიკურ ურთიერთობებს საფრთხე ემუქრება, ნამდვილად არ შეიძლება. თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დღეს მსოფლიოში პროცესები ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. რუსეთის დამარცხებას ყველა იმედიანად ველოდებით.

არის კიდევ ერთი საკითხი, რაზეც არ უნდა დავხუჭოთ თვალი – ეს არის ბირთვული დაპირისპირება, რომელიც რეალურია და ეს აისახება არა მარტო ეკონომიკაზე. ასე რომ, დაველოდოთ პროცესების განვითარებას, განსაკუთრებით იმ მომენტს, როცა რუსეთის მოსახლეობა გამოფხიზლდება და პოლიტიკურ ელიტას აიძულებს, უარი თქვას იმპერიულ ზრახვებსა და ქმედებებზე.

რუსა მაჩაიძე

kvirispalitra.ge