მოაჯირის მოხსნამ და სისტემის მიერ ავარიულმა არ გათიშვამ გამოიწვია ტრაგედია – „თბილისის შადრევნების” დამფუძნებელი

0
407

„სისტემა იყო გაკეთებული უხარისხოდ და ავტომატიკამ არ გათიშა წყალზე გადასული დენის წყარო,“ – ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე კომპანია „თბილისის შადრევნების” დამფუძნებელი, მოქანდაკე ირაკლი ჟვანია წერს.

 „ბანკები და ფინანსები“ ჟვანიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინდელი ტრაგედიის გამო ბევრი კითხვა ისმის ტექნიკურად რას შეიძლებოდა გამოეწვია ბავშვის დაღუპვა და ვისი “მოღვაწეობის” ბრალი შეიძლება იყოს მომხდარი. ვეცდები ავხსნა.

1.ამ შადრევანს ისტორიულად გარშემო ჰქონდა მოაჯირი, რომელიც ყველას გვახსოვს ჩვენი ბავშვობიდან. ეს მოაჯირი არ იყო მაღალი, მაგრამ მის გამო ეს შადრევანი არასდროს არ იყო მასიურად ბავშვების საჭყუმპალაო ადგილი, და სწორადაც. რატომ: იმიტომ, რომ დენს რომ თავი დავანებოთ, იქ სადაც ძლიერი ჭავლები მუშაობს დიდი წნევით ბავშვების ყოფნა არ შეიძლება, ჭავლიდან გამოტყორცნილმა წყალმა შეიძლება დააზიანოს ბავშვის თვალები და სახე. მეორე: მცირეწლოვანი ბავშვის გაქცევის და წყალში ჩავარდნის შემთხვევაში შეიძლება ვერ მოესწროს ადეკვატური მოქმედება მშობელისგან და მოხდეს ტრაგედია დენის გარეშეც.

ეს მოაჯირი უნდა ყოფილიყო იქ, სადაც ის ისტორიულად არსებობდა. სხვათაშორის, ეს პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი ვიზუალის შეცვლაც არ შეიძლებოდა, მათ შორის ამ ისტორიული მოაჯირისაც. მაგდენი კი უნდა ესმოდეთ.

რეზუმე: შადრევნის გარშემო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა დამცავი მოაჯირის მოხსნა და შადრევნის საჭყუმპალაოდ გახსნა, რაც მერიამ გააკეთა.

( ჩვენს მიერ ამ შადრევნის მოვლა-პატრონობის პერიოდში, 2014-15წწ გამორიცხული იყო ბავშვები ჩაგვეშვა ჩართულ შადრევანში).

2. შადრევანში ტექ. მოწყობილობა იყოფა სამ ნაწილად, ესაა ტუმბოები, განათება და წყლის კოლექტორები. განათება როგორც წესი კეთდება 12 ან 24 ვოლტის სიმძლავრის, რაც გამორიცხავს სანათიდან დენის დარტყმას ბავშვზე. კოლექტორებში დენი საერთოდ არ გადის, მხოლოდ წყალი. რაც შეეხება ტუმბოებს: არსებობს ზედაპირული ანუ მშრალი ტუმბოები ( 5 ასეთი დავაყენეთ ჩვენ 2014 წელს ამ შადრევნის გვერდზე მიწის ქვეშ ოთახში), არსებობს ჩაძირული ტუმბოები ( ასეთები დავაყენეთ საბავშვო შადრევანში შუა მცირე კასკადში 2014 წელს). მშრალი ტუმბოები ყენდება შადრევნის გარეთ, ჩაძირული კეთდება ხოლმე შადრევანში წყალში. ორივე შემთხვევაში აუცილებლად კეთდება დამიწება. ასევე ჩაძირული ტუმბოების შემთხვევაში მართვის პულტზე გათვალისწიბებული უნდა იყოს მთელი რიგი დაცვები: ფაზური დაცვა, სითბური დაცვა და რაც მთავარია ე.წ. გაჟონვის რელეთი დაცვა. ეს ნიშნავს შემდეგს: თუკი სადმე წყალი მოხვდა დენის სადენებს და დენი გადავიდა წყალზე, ამ რელემ ავტომატურად უნდა გათიშოს ტუმბოს ჩამრთველი ავტომატი რომ არ მოხდეს დენის დარტყმა ადამიანზე.

რა მოხდა გუშინ ამას იმედია ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ ერთის თქმა შეიძლება: სისტემა იყო გაკეთებული უხარისხოდ და ავტომატიკამ არ გათიშა წყალზე გადასული დენის წყარო. გამკეთებელმა გააკეთა, ექსპერტიზამ “შეამოწმა”, შემდეგ შადრევანი გადააბარეს შპს “ეკოსერვისს” რომელიც ამუშავებს თბილისის შადრევნებს, ამ უკანასკნელმა არ შეამოწმა სისტემა სათანადოდ და ისე ამუშავა.

საბოლოოდ კი მოაჯირის მოხსნამ და სისტემის მიერ ავარიულმა არ გათიშვამ გამოიწვია ის ტრაგედია, რაც გუშინ მოხდა. რომ არ ყოფილიყო ის ვაჟკაცი კაცი დევი მეზურნიშვილი შეიძლება ის ორი ბავშვიც დაღუპულიყო…

ვისი ბრალია ამას დიდი გამოძიება არ სჭირდება: ვინც ასეთი სისტემა ააწყო, ექსპერტიზამ რომელმაც “შეამოწმა” და აქტიც შეადგინა, შემდეგ ვინც ჩაიბარა და ექსპლუატაციას უწევდა, სამივე მხარეს ერთობლივი “მოღვაწეობის” და რასაკვირველია იმ მერიის, რომელსაც ეგეთი ინჟინრები, ექსპერტები და მომვლელები ყავს, 21 საუკუნეში წყალზე დენის არ გადასვლა რომ ვერ მოუგვარებიათ შუა ქალაქში რომ 13 წლის ბავშვი არ ეწირებოდეს ამათ “მოღვაწეობას”,“- წერს ირაკლი ჟვანია.