დაგროვებით სავალდებულო პენსიასთან ერთად მოქალაქეებს რამდენიმე კერძო საპენსიო სქემაში გაწევრიანების საშუალება ექნებათ

0
205

მთავრობა პარლამენტს “ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონის მიღებას სთავაზობს.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა, უკვე პარლამენტშია.

კანონის პროექტის მიღებით საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცემა ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემებში გაწევრიანდეს ან თავად დააფუძნონ ის. ამგვარი უფლება ენიჭება სუბიექტთა ფართო სპექტრს – მათ შორის დამსაქმებლებს, დამსაქმებელთა გაერთიანებებს, დასაქმებულთა გაერთიანებებს, პროფესიულ ორგანიზაციებს.

უფლება ენიჭება ნებისმიერ პირს გაწევრიანდეს ინდივიდუალურ საპენსიო სქემებში, დასაქმებისაგან დამოუკიდებლად.

კანონპროექტი ასევე იძლევა რამდენიმე საპენსიო სქემაში გაწევრიანების საშუალებას.

“კანონპროექტის უმთავრეს მიზანს საქართველოს მოქალაქეთათვის დამატებითი საპენსიო მექანიზმის გაჩენა წარმოადგენს, რაც თავის მხრივ, მოქალაქეთა იმ ნაწილისთვის, რომელიც ჩაერთვება ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემებში დამატებითი გრძელვადიანი დანაზოგების შექმნას უზრუნველყოფს, რაც შედეგად გაზრდილ პენსიაში აისახება.

მათ, დაგროვებით სავალდებულო პენსიასთან ერთად, დამატებით შეეძლებათ ნებაყოფლობით ჩაერთონ კანონპროექტით განსაზღვრულ სქემებში და შესაბამისად, მათი პენსია გაიზრდება.

ნებაყოფლობითი საპენსიო სქემის მონაწილეებზე ფინანსური შედეგები დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე (საპენსიო სქემების მონაწილეთა რაოდენობა, ნებაყოფლობითი სქემის ფარგლებში განხორციელებული შენატანების მოცულობა, საპენსიო აქტივების მართვა და მისი შედეგები, გრძელვადიან პერიოდში საინვესტიციო მოგება და აკუმულირებული თანხები და სხვა.), თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულს დადებითი შედეგი ექნება არსებული ჩანაცვლების კოეფიციენტის გაზრდაზე“, – ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.