„იმ ზრდის ტემპი რომ გაგრძელდეს, რაც ახლა სავალუტო ფონდს საქართველოსთვის აქვს, 2030 წელს ეკონომიკა ერთ სულზე 15 000 დოლარს გადააჭარბებს“

0
111

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022-2027 წლების მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის რამდენიმე სახეობის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით მოწინავე პოზიციებზე გავიდა.

“იმ ზრდის ტემპი რომ გაგრძელდეს, რაც ახლა აქვს სავალუტო ფონდს საქართველოსთვის 2022-2027 წლებზე, თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ შესაძლოა 2030 წელს ეკონომიკამ ერთ სულზე 15 ათას დოლარს გადააჭარბოს.

ეს კი იმის რეალურ პერსპექტივას ქმნის, რომ 2030 წლისთვის საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს. დღეისათვის, ჩვენს სამეზობლოში მაღალშემოსავლიანი ქვეყანა არცერთი არ არის, შავი ზღვისპირეთში მხოლოდ რუმინეთია. 15 წელია ბულგარეთი ევროკავშირის წევრია და მაღალშემოსავლიანი ქვეყანა მაინც ვერ გახდა.

თურქეთსაც არ აქვს მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსი. თუ 2030 წლისთვის მივაღწევთ ამ შედეგს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებითად უნდა იყოს გაუმჯობესებული კეთილდღეობის დონე,” – განმარტა დუნდუამ.

მისი თქმით, ასეთ პროგნოზს საფუძველი მთავრობის სწორმა პოლიტიკამ ჩაუყარა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანზე, თავისუფალ ეკონომიკაზე, მშვიდობაზეა ორიენტირებული.