ვის ეკუთვნის ,,გრინსერვის +”, რომელიც ვაკის პარკის რეაბილიტაციის მთავარი კონტრაქტორია

0
6074

დღეს, ვაკის პარკში შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასული 13 წლის მოზარდი, რომელსაც დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა.

ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ორი მოზარდი კი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც ერთი მალევე გაწერეს, ერთი ბავშვი კი კრიტიკული მედიცინის ცენტრში რჩება და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში გარკვეულ პირთა გამოკითხვა მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ ვისი გამოკითხვა მიმდინარეობს მოცემული მომენტისთვის, თუმცა ადასტურებენ, რომ აღნიშნული პროცესი დაწყებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი გუშინ დასრულდა.

სამუშაოები მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციას გულისხმობდა.

კომპანია, რომელიც კახა კალაძის თქმით რეაბილიტაციის პროცესის მთავარი კონტრაქტორია, გრინსერვის+ -ია.

კომპანია გრინსერვის+ ის წილის 33%-ს კობა ხარშილაძე, 34%-ს კი ტარიელ კიკნაძე ფოლობს. ასევე, 33% ეკუთვნის ლაშა ფურცხვანიძეს.

კომპანიის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძეა.

რეაბილიტირებული ნაწილი მერმა გახსნა. კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“ და პროექტი შემოწმებული იყო.

ამასთან, თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, ვაკის პარკის აღდგენის პროექტი 33 მილიონ ლარამდე დაჯდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარკის აღდგენა-რეაბილიტაცია გამწვანებითი სამუშაოების ჩათვლით, ზაფხულში დასრულდება.

„ვაკის პარკის აღდგენისა და რეაბილიტაციის პროექტი შარშანწინ დავიწყეთ. შარშან დასრულდა პარკის ძირითადი სამუშაოები და დაიწყო ცენტრალური კასკადის, შადრევნის რეაბილიტაცია. ჯამში, ვაკის პარკის აღდგენის პროექტი 33 მილიონ ლარამდე ავიდა.

კომპონენტი, რომელიც ახლა დასრულდა, 1.5 მილიონი ლარი დაჯდა. შენარჩუნდა პირვანდელი სახე, რადგან მოგეხსენებათ, ვაკის პარკი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მოხდა გარკვეული სივრცეების ადაპტირება და დღევანდელ საჭიროებებზე მორგება.

რაც შეეხება შადრევანს, სრულიად ამორტიზებული იყო, ფაქტობრივად, არ არსებობდა საინჟინრო სისტემა, თავიდან მოეწყო ის ახალი ტექნოლოგიებითა და განათების სისტემებით. უკვე დარჩა მხოლოდ კიბეების, ცენტრალური კასკადის ნაწილი.

დაახლოებით მარტის თვეში დასრულდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. უკვე ზაფხულში ვაკის პარკი მიიღებს იმ სახეს, რომელიც ჩაფიქრებული გვქონდა და დასრულდება მისი რეაბილიტაცია გამწვანებითი სამუშაოების ჩათვლით“,-განაცხადა ბასილაიამ.