თურქულმა ავიაკომპანიებმა ფრენები შესაძლოა ქუთაისის აეროპორტიდანაც დაიწყონ

0
259

თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა თურქული ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„თურქეთის ავიახაზებისა“ და „პეგასუსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მიმართულებით ავიარეისების ოთხივე სეზონზე შესრულებას შეეხო. გამოითქვა მზაობა, ზამთრის სეზონზე ბათუმის მიმართულებით ოპერირება კვირაში 5 სიხშირით გაგრძელდეს, რაც აჭარაში ტურისტული ნაკადების ზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

სამინისტროს ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ავიაკომპანია „პეგასუსი“ საქართველოს მიმართულებით ანკარიდან ფრენებს იწყებს და პირველი ავიარეისი 2 ნოემბერს შესრულდება.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით „თურქეთის ავიახაზებისა“ და ავიაკომპანია „პეგასუსის“ მიერ შესაძლო ავიარეისების დანიშვნის საკითხს შეეხო.