გიორგი კაკაურიძე – კარგი დროა იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალი კონკურსი გამოცხადდეს

0
150

ძალიან კარგი დროა იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალი კონკურსი გამოცხადდეს – სატრანსპორტო დატვირთვა საქართველოზე მნიშვნელოვნად შეიცვალა და მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

კაკაურიძის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ძალიან ბევრი ტრანზიტი რუსეთზე აღარ გადის და საქართველოზე გადმოერთო. მისივე განცხადებით, საქართველოს ტრანზიტული პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო და საზღვაო მიმართულებით.

„სიტუაცია, რაც იყო ოთხი წლის წინ და რაც არის დღეს, აბსოლუტურად განსხვავებულია. ის თუ რატომ ვერ შეძლო წინა ინვესტორმა შესაბამისი ფინანსების მოზიდვა, იყო სახელმწიფოს გარანტიის მოთხოვნა ტვირთების არქონის შემთხვევაში. სახელმწიფო ასეთ გარანტიას ვერ მოგცემს.

დღეს გადაზიდვების კუთხით სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია. საქართველოს როლი როგორც სარკინიგზო, ასევე საგზაო და საზღვაო ნაწილში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.