ევროკავშირმა რუსული ნავთობის ფასის ზღვარი დაამტკიცა

0
178

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები სამშაბათს წინასწარ შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე, მათ შორის საკანონმდებლო ბაზაზე რუსული ნავთობის ფასების შემდგომი ზღვრის შემოღებისთვის, იუწყება Politico წყაროებზე დაყრდნობით.

„ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დღეს მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის დაწესებაზე“, – განუცხადა გამოცემას შვიდმა ევროპელმა დიპლომატმა.

მათივე თქმით, „მოსალოდნელია, რომ დოკუმენტის საბოლოო ვერსია მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ოთხშაბათს დამტკიცდება“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „მოქმედი პაკეტის ფარგლებში შეთანხმებული იქნება ფასის ზღვრის შემოღების სამართლებრივი საფუძველი“.

5 დეკემბრიდან ევროკავშირი რუსულ ბარელზე ემბარგოს აწესებს და ამავდროულად აპირებს აკრძალოს ნავთობის მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირება დადგენილ ლიმიტზე მაღალი ფასით გაყიდვის შემთხვევაში.

კონკრეტულად რა იქნება რუსული ნავთობის ზღვრული ღირებულება, ჯერჯერობით არ გაჟღერებულა. აშშ-ს ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ეს ფასი დაფარავს წარმოების ღირებულებას, მაგრამ ამავე დროს არ დაუშვებს კრემლის „ომის მანქანის“ დაფინანსებას.

გამოცემა იტყობინება, რომ მალტა, საბერძნეთი და კვიპროსი, რომელთა ფლოტები რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაშია ჩართული, შეშფოთებულნი არიან იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს დაგეგმილი შეზღუდვები ტრანსპორტირებაზე. ამიტომ, ამ ქვეყნებისთვის დათმობებია გათვალისწინებული, წერს გაზეთი.

ნავთობის სანქციების გარდა, ევროკავშირი ცალკეული კომპანიების „შავი სიების“ გაფართოებას აპირებს. მათ შორის იქნებიან მაღალი რანგის მინისტრები და პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში “რეფერენდუმების” ჩატარებაზე, აცხადებენ Bloomberg-ის წყაროები.

გარდა ამისა, დაწესდება დამატებითი შეზღუდვები რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის საჭირო საავიაციო პროდუქტების, ელექტრონიკისა და ქიმიკატების მიწოდებაზე.

სანდრო პირველი