ბაზისბანკის ინვესტიციით მესტიაში სასტუმრო ლილეო ინნ გაიხსნა

0
163

ბაზისბანკმა, სასტუმრო ინდუსტრიის განვითრების პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, მესტიაში ახალი, 22 ნომრიანი სასტუმროს – ლილეო ინნ-ის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა.

პროექტის ჯამური ღირებულება 1.2 მილიონი ლარია, აქედან ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და პირველ სტუმრებს მიმდინარე წლის ზაფხულში უმასპინძლა. სასტუმრო გათვლილია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებზე. სასტუმროში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

ლილეო ინნ მესტიის ისტორიულ ნაწილში, ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველ ადგილას მდებარეობს. იგი დამსვენებლებს კომფორტულ და მყუდრო გარემოს, სვანური ეთნო კერძების დაგემოვნებასა და მესტიის გაცნობით ტურებს სთავაზობს. სასტუმროდან იშლება ულამაზესი ხედები თეთნულდზე და ისტორიულ სვანურ კოშკებზე, რომლებიც შებინდებისას  განსაკუთრებულ ელფერს იძენენ.

„ბაზისბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში და, კერძოდ, სვანეთის რეგიონში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან წარმატებული კერძო სექტორი,  ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი წინაპირობაა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ კიდევ ერთი წარმატებული ქართული პროექტის თანამონაწილეები ვართ.“ – განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ.