თეთრი სახლის პრესმდივნი: რუსებს, რომლებსაც არ სურთ უკრაინაში ბრძოლა, შეუძლიათ თავშესაფარი აშშ-ში მოითხოვონ

0
181

თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, შეერთებული შტატები მზადაა, განიხილოს თავშესაფრის მოთხოვნა რუსებისგან, რომლებსაც არ სურთ მონაწილეობა მიიღონ ვლადიმერ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში.

“შეერთებული შტატები მიესალმება რუსებს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ”, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას, ჟან-პიერმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელმაც სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა ათასობით სამხედრო ასაკის მქონე მამაკაცის შესახებ ცნობებს, რომლებიც ახლა რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში გარბიან.

“მე ვიცი, რომ თეთრი სახლი ხედავს განსხვავებას რუსეთის მთავრობასა და რუს ხალხს შორის. შეუძლია თუ არა პრეზიდენტს, რაიმე უთხრას სასოწარკვეთილ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ქვეყნიდან გაქცევას?” – იკითხა რეპორტიორმა.

“ჩვენ ვხედავთ ქუჩის საპროტესტო აქციებს რუსეთში, ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ხელს აწერენ პეტიციებს და ვფიქრობ, რომ ისინი გვიგზავნიან ძალიან მკაფიო მესიჯს, რომ ეს ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო, არ არის პოპულარული”, – უპასუხა ჟან-პიერმა. “რუსეთში არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ პუტინის ომში ბრძოლა ან ამისთვის სიკვდილი”.

“ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებს, განურჩევლად მათი ეროვნებისა, შეუძლიათ თავშესაფრის მოთხოვნა შეერთებულ შტატებში და მათი განაცხადები განიხილება ინდივიდუალურად. ჩვენ მივესალმებით ყველას, ვინც თავშესაფარს ითხოვს”, – თქვა კარინე ჟან-პიერმა.

ipress.ge