რუსული „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში გაჟონვა მოხდა

0
170

შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის საკუთრებაში არსებული „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის გაზსადენიდან შვედეთისა და დანიის ტერიტორიულ წყლებში გაჟონვა მოხდა.

„ორი გაჟონვაა – ერთი შვედეთის ეკონომიკურ ზონაში და ერთი დანიის ეკონომიკურ ზონაში. ისინი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან“, – განაცხადა Reuters-ს შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, გაჟონვა დანიის კუნძულ ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხდა. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

”გავაძლიერეთ დაკვირვება, რათა უზრუნველვყოთ, რომ არცერთი გემი არ მიუახლოვდეს ადგილს,” – აღნიშნა შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ დანიის ხელისუფლებამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაუქმებული მილსადენიდან ბალტიის ზღვაში გაზის გაჟონვის შესახებ და გემებს გარკვეულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. იმავე დღეს, მოგვიანებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მილსადენის ოპერატორმა გაზსადენის ორივე ხაზზე წნევის ვარდნის შესახებ განაცხადა.

ამასთან, დანიის ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „აკრძალული ზონის გარეთ გაჟონვასთან დაკავშირებით უსაფრთხოების რისკები არ არსებობს. ინციდენტს დანიის გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შედეგები არ მოჰყვება“.

ipn.ge