საქართველოში პირველად, მარცხენა წინაგულის ყურის დახურვის თანამედროვე პროცედურა „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა

0
156

„ნიუ ჰოსპიტალსში“ მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმის მქონე პაციენტს ინსულტის რისკის შემცირების თანამედროვე ჩარევა ჩაუტარდა. მარცხენა წინაგულის ყურის დახურვის პროცედურა წარმატებით საქართველოში პირველად „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინტერვენციული კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა მოსიაშვილმა შეასრულა.

პროცედურის საშუალებით შესაძლებელია კათეტერიზაციის ლაბორატორიაში, გულმკერდზე განაკვეთის გარეშე მოხდეს გულის მარცხენა წინაგულის ყურის დახურვა. პროცედურის დროს ხდება მარცხენა წინაგულის ყურში იმპლანტის განთავსება, რომელიც ავსებს რა წინაგულს, ხელს უშლის გულის ამ სივრცეში სისხლის შედინებას.

შედეგად, მცირდება ინსულტის რისკი, რადგანაც სწორედ მარცხენა წინაგულის ყური წარმოადგენს გულის იმ  სივრცეს, სადაც როგორც წესი მდორე დინების გამო შესაძლებელია მოხდეს სისხლის შედედება, თრომბული მასების ფორმირება და შემდგომ სისხლის ნაკადით ამ მასების სხვადასხვა ორგანოებში მოხვედრა, რაც იწვევს ინსულტს და სხვა ორგანოების თრომბოზებს.

აღნიშნული პროცედურა მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს ინტერვენციულ კარდიოლოგიაში და პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას ქმნის, რადგან ახდენს ინსულტის პრევენციას იმ პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ წინაგულთა ციმციმის მუდმივი ფორმა (მოციმციმე არითმია) და ვერ უტარდებათ ადეკვატური ანტიკოაგულაციური თერაპია ან ეს თერაპია არის არაეფექტური და აქვთ ინსულტის მომატებული რისკი.

პროცედურა მინიმალურად ინვაზიურია და შესაბამისად, პაციენტის რეაბილიტაციაც სწრაფად და მარტივად მიმდინარეობს.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კარდიოლოგიური დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.