აგვისტოს მონაცემებით, თბილისში ბინის ქირა, წლიურად, დაახლოებით 80%-ით გაიზარდა

0
112

2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, ბინის ქირა თბილისში, წლიურად, 79%-ით არის გაზრდილი, ბინის გასაყიდი ფასი კი 27%-ით.

როგორც „თიბისი კაპიტალის“ უფროსი ასოცირებული მკვლევარი, გიორგი მჟავანაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, კვადრატულ მეტრზე ფასი 24.8 ლარით გაიზარდა.

როგორც ის აღნიშნავს, ბინის ქირის 79%-იან ზრდაზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა, მათ შორის არის საქართველოში რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეების ჩამოსვლა.

„2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ბინის ქირა 79%-ით არის გაზრდილი – კერძოდ, კვადრატულ მეტრზე 24.8 ლარით. ფასის ზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს. ამ 79%-იანი ზრდიდან, რაც დოლარში გვაქვს, ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 2/3 მოდის მიგრაციაზე. მიგრაცია, რომ არ ყოფილიყო, საქართველოში რომ არ ჩამოსულიყო რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეები, ამ ზრდიდან 2/3 არ გვექნებოდა, დაახლოებით 25%-ით იქნებოდა გაზრდილი ქირა და არა 79%-ით. წლიურად 25 %-ით იმიტომ გაიზრდებოდა, რომ ქირა მნიშვნელოვნად დაეცა პანდემიურ წლებში, 2021 წლის მეორე კვარტლიდან მიმდინარეობდა ეკონომიკის აღდგენა, რეგიონში დასაქმებულები ბრუნდებოდნენ თბილისში, ბათუმშიც დაიწყო ტურისტული ნაკადების აღდგენა, რაც დადებითად მოქმედებდა ქირაზე.

ქირა ისედაც გაიზრდებოდა, თუმცა მიგრაციამ ეს პროცესი დააჩქარა და 25%-იანი ზრდის ნაცვლად, 79-80%-იანი ზრდა გვაქვს.

მეორე ფაქტორია ეკონომიკის სწრაფი აღდგენა წელს და გასულ წელსაც. მიმდინარე წელს ეკონომიკის აღდგენა და პანდემიური პერიოდიდან გამოსვლა ყველაფერზე მოქმედებს. აგვისტოში ასევე დაემატა სტუდენტების დაბრუნების ეფექტი, რაც სწავლის დაწყებას უკავშირდება. რასაც ვხედავთ, ამან სოციალური პრობლემები წარმოშვა.

ეს დადებითად იმოქმედებდა, მაგრამ სავარაუდოდ, ამან მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა ქირის ფასზე, რადგან სტუდენტების მსყიდველუნარიანობა და გადახდისადმი უნარიანობა შედარებით დაბალია. ასევე, თვიდან თვემდე რომ შევხედოთ, აქაც მნიშვნელოვანი ზრდა იყო.

მინდა ასევე, აღვნიშნო ლარის კურსი, ლარის გამყარება დოლართან მიმართებაში. ეს დოლარში გამოსახულ ქირასა და გასაყიდ ფასზე დადებითად მოქმედებს. თუ დოლარში ქირის ზრდა გვაქვს 79%, ლარში არის 60%. თუ გაყიდვის ფასზე ვისაუბრებთ, გაყიდვის ფასიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუ ბინის ქირა აგვისტოს მონაცემებით 79%-ით გაიზარდა დოლარში, დაახლოებით 27%-ით არის გაზრდილი ბინის გასაყიდი ფასი თბილისში“, – აღნიშნავს გიორგი მჟავანაძე.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“