PepsiCo-მ რუსეთში სრულად შეწყვიტა საკუთარი პროდუქციის წარმოება

0
76

კომპანია PepsiCo-მ რუსეთში სრულად შეწყვიტა საკუთარი პროდუქციის წარმოება.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გამაგრილებელი სასმელების ერთ-ერთმა უდიდესმა კომპანიამ ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ განაცხადა, რომ შეწყვეტდა რუსეთში საკუთარი პროდუქციის წარმოებას და გაყიდვებს, მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა.

როგორც „როიტერი“ წერს, ამერიკული კომპანიის მხრიდან განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც სააგენტომ რუსეთის მასშტაბით კომპანიის პროდუქციის ბოთლები და ქილები ნახა სუპერმარკეტებში და სპორტულ დარბაზებში, რომლებიც დამზადებული იყო რუსეთში კომპანიის მფლობელობაში არსებულ ქარხნებში მიმდინარე წლის ივლისის და აგვისტოს თარიღებით. გამოშვების ყველაზე ბოლო თარიღი იყო 17 აგვისტო.

„როიტერთან“ ინტერვიუში, ამერიკული კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეწყვიტეს კონცენტრატების წარმოება რუსეთში ისეთი პროდუქციის დასამზადებლად, როგორიცაა PepsiCola, Mirinda, 7Up და Mountain Dew.

„ყველა კონცენტრატი ამოწურულია რუსეთში და წარმოება შეწყდა“, – განაცხადეს კომპანიაში 8 სექტემბერს.

„როიტერის“ ცნობით, აღნიშნული კომენტარი კომპანიის მხრიდან პირველი საჯარო განცხადება იყო მარტის თვის შემდეგ, როდესაც კომპანიაში განაცხადეს, რომ PepsiCo შეწყვეტდა პროდუქციის წარმოებას და სარეკლამო საქმიანობას რუსეთში.

ამერიკული კომპანიისთვის რუსეთი მსოფლიოში რიგით მესამე გასაღების ბაზარი იყო აშშ-ის და მექსიკის შემდეგ. კომპანია რუსეთში უკვე 60 წელია, ოპერირებს და იყო ერთ-ერთი პირველი დასავლური ბრენდი, რომელიც საბჭოთა კავშირში დაუშვეს.

1tv.ge