მთავრობა სსფ-თან შეთანხმებული რეფორმების გატარებას იწყებს – გიორგი კაკაურიძის განმარტება

0
135

ფინანსთა მინისტრი მოადგილე ამბობს, რომ სსფ-თან ნაყოფიერი შეხვედრების შედეგად ეკონომიკის განვითარების გარკვეულ დეტალებზე შეთანხმება შედგა და ხელისუფლება მის აღსრულებას იწყებს.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა რომ ეკონომიკაში პოზიტიური დინამიკაა სსფ-თან შედარებით საქართველოს მთავრობის პროგნოზები უფრო კონსერვატიულია.

„გვქონდა საკმაოდ კარგი განხილვები სსფ-თან. მისიის ძირითადი მიზანი იყო შეგვეჯერებინა ის პოზიციები, რომელიც პროგრამაში უკვე ასახული გვაქვს. მოგეხსენებათ ჩვენ წელს სსფ-თან ახალი პროგრამა დავიწყეთ, რომლის მთავარი მიზანი იყო ფისკალური კონსოლიდაცია.

ვინაიდან, პანდემიის გავლენით, საკმაოდ მაღალი ვალის მაჩვენებელი გვქონდა, ამიტომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ეს. და სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა ასახულია პროგრამაში, შესაბამისად განხილვები გვქონდა ამ მიმართულებით. თუმცა ასევე პროგრამაშია გათვალისწინებული ის რეფორმები, რომელიც ჩვენ უნდა გავატაროთ, ესაა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, ასევე ინვესტიციების ხელშეწყობის კუთხით ენერგოსექტორში გარკვეული ცვლილებები.

სწორედ ამ თემებზე გვქონდა დიალოგი სსფ-თან. განვიხილეთ ასევე ის პოზიტიური დინამიკა რაც ეკონომიკაში გაქვს და მიუხედავად იმისა, რომ მცირე განსხვავებაა ჩვენსა და სსფ-ს პროგნოზებს შორის, მათ უფრო მაღალი პროგნოზი აქვს, ჩვენ ბიუჯეტი უფრო კონსერვატიულ მაჩვენებელზე დავგეგმეთ, რადგანაც გარკვეული რისკების თავიდან აცილება მიზანშეწონილია, რომ იყოს გათვალისწინებული ბიუჯეტში.

ვფიქრობთ, რომ ყველა საკითხზე სსფ-თან ვართ შეჯერებულები. სსფ-ს მისია პროგრამის მიმოხილვის ფარგლებში უკვე ოქტომბერში გვესტუმრება“, – განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბარში გიორგი კაკაურიძემ.

მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ ენერგოსექტორში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად ადგილობრივი რესურსების გამოყენებაც მნიშვნელოვანია და ამიტომ მასში ინვესტიციას ჩადებს მხოლოდ უცხოელი ინვესტორი თუ ადგილობრივი ამას ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

„ჩვენთვის მთავარია ენერგეტიკის სექტორი განვითარდეს და ამ კუთხით გვქონდეს ინვესტიციები. თუმცა მთავარი საკითხი, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო, ეს არის პირდაპირი გარანტირებული შესყიდვა.

შევთანხმდით, რომ პირდაპირი გარანტირებული შესყიდვა ჩვენი ენერგოსისტემისთვის სწორი არ არის. ამიტომ ეს საკითხი იქნება საბაზრო პირობებზე დაფუძნებული. იქნება აუქციონის წესით და არ იქნება პირდაპირი მოლაპარაკებები კონკრეტულ კომპანიებთან.

ანუ გამოვაცხადებთ აუქციონებს კონკრეტული პირობებით და აუქციონის მეშვეობით, ის ვინც უკეთეს პირობებს წარმოადგენს მიიღებს საშუალებას, რომ ენერგოსექტორში განახორციელოს ინვესტიციები. საფინანსო სექტორთან უკვე გვქონდა კონსულტაციები ამ თემაზე. ისინი მსგავს პროექტებს მარტივად დააფინანსებენ, რათა ენერგოსექტორში მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ინვესტიციები იყოს მაღალი“, – აცხადებს კაკაურიძე.

რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოებს რეფორმას, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ აღნიშნული თემა მთავრობის დღისწერიგში ადრეც იდგა.

„ამ მხრივ პირველი ნაბიჯები გადაიდგა სახელმწიფო ელექტროსისტემაში. სსფ-თან ამ მიმართულებით განვიხილეთ ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითი, რომელმაც წარმატებით გაიარეს ეს რეფორმა და ყველაზე მისაღები ვერსია შევარჩიეთ. რომელსაც მთავრობა საბოლოო სახეს 1 თვეში მისცემს და დაამტკიცებს.

ფინანსთა სამინისტროს როლი რეფორმის განხორციელების ნაწილში იქნება გაზრდილი, მათ შორის ფინანსური გადაწყვეტილებების ნაწილში იქნება უწყებას ერთ-ერთი წამყვანი როლი ექნება.

გარდა ამისა სტრატეგიაში გაიწერება ის სახელმწიფო კომპანიები რომლებზედაც პირველ რიგში რეფორმის განხორციელება დაიწყება. შემდგომში ეს გავრცელდება ყველა მსხვილ სახელმწიფო კამპანიაზე. სამოქმედო გეგმას უნდა გავყვეთ, რათა რამდენიმე წელში მივიღოთ განსხვავებული სურათი და ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო საწარმოებს ჰქონდეს მნიშვნელოვანი ზარალი, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გვქონდეს ისეთი საწარმოები რომლებიც კომერციულ მოგებაზე იქნებიან ორიენტირებული“, – განაცხადა კაკაურიძემ.