კომპანია “არემჯი” მოსახლეობას და ისტორიულ ძეგლებს ისევ დიდ საფრთხეს უქმნის

0
292

კომპანია “არემჯის” საქმიანობა რეგიონის ეკოლოგიას და მოსახლეობის კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის. ამის ნათელი მაგალითია სოფელ მუშევანში ფერადი ლითონის მწარმოებელი  კომპანიის მიმართ მოსახლეობის პროტესტი, რაც ადასტურებს, რომ ,,არემჯის” ადგილობრივ მოსახლეობასთან პრობლემა აქვს. ხალხი კომპანიას გარემოსდაცვითი ღონისძიებების დარღვევაში ადანაშაულებს. წინააღმდეგობა კონკრეტულად  „მუშევანი 2-ის ოქრო-სპილენძის საბადოს“ პროექტს უკავშირდება. ფაქტია, რომ ,,არემჯის”, რომელიც დიდძალ ფულს შოულობს, გარემოს და ადამიანებს საფრთხეში ამყოფებს. შესაბამისად,  მისი ქმედება სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.

როგორც ცნობილია, „არემჯი კოპერმა” სამოქმედო არეალის გაფართოება განიზრახა და მუშევანი 2-ის ოქრო-სპილენძის საბადოს ფართობზე (11,27 ჰა) ღია კარიერული წესით, ბურღვა-აფეთქების მეთოდით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას გეგმავს. ვინაიდან საბადოსთან უახლოესი დასახლებული პუნქტი სოფელი მუშევანია, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ახალი პროექტი გააპროტესტა. სამუშაო ტერიტორიასა და სოფელს შორის უმცირესი მანძილი, დაახლოებით, 808 მეტრია. მოსახლეობა შიშობს, რომ სამუშაოები მათ გარემოს რადიკალურად შეცვლის.

ამ რამდენიმე დღის წინ მუშევანის პრობლემას მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის („საყდრისის კომიტეტი“) გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება გაავრცელა.

როგორც კომიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, „საყდრისის კომიტეტი“ 8 წელზე მეტია, აქტიურადაა ჩართული სამთო-მომპოვებელი კომპანია „არემჯის“ გარემოსდაცვითი დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაში. 2022 წ იანვარშიც, „საყდრისის კომიტეტმა“ პირველმა გააპროტესტა მოსახლეობის არაინფორმირებულობა მოსალოდნელი რისკების შესახებ, რასაც მაშინ მთელმა სოფელმა დაუჭირა მხარი.

,,კომპანიასთან გვქონდა გარკვეული კითხვები და  მოთხოვნები, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ტყის გაჩეხვისა და ნიადაგისა და წყლის კვლევის საკითხებზე, რომელთა შესრულებასაც დღემდე აქტიურად ვითხოვთ.  შეხვედრის შემდეგ რამდენიმე მოსახლის ინიციატივით შედგა საუბარი „საყდრისის კომიტეტის“ წევრებთან, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ ისინი აპროტესტებდნენ „მუშევანი 2-ის“ პროექტს, თუმცა ეს შეხვედრაზე მხოლოდ ერთმა მათგანმა დააფიქსირა.

„საყდრისის კომიტეტი“ მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს, რომ მოსახლეობის იმ ნაწილის, ვინც სოფლის სიახლოვეს სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვებას ეწინააღმდეგება, გამოხატვის თავისუფლება სრულად იყოს დაცული. ასევე, კიდევ ერთხელ, უკვე საჯაროდ, მოუწოდებს კომპანია „არემჯის“, დამატებითი განმარტებები გააკეთოს პროექტის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობაში ასეთ ვნებათაღელვას იწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სოფელ მუშევანში განვითარებულ მოვლენებზე განცხადება ,,არემჯიმაც” გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ლიცენზიას „კომპანია 2011 წლიდან ფლობს და შესაბამისი სანებართვო პროცედურების გავლის შემდეგ, აპირებენ.

,,კომპანიამ უკვე გადადგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი, კერძოდ ადგილობრივ მოსახლეობასთან გააფორმა სოფლის განვითარების მემორანდუმი განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის პოზიტიურ შედეგებსაც უკვე გრძნობს მუშევანის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. კერძოდ, მიმდინარეობს სოფლის წყლით მომარაგების სამუშაოები, სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები.

მუშევანის პროექტი მდებარეობს სოფლიდან მოშორებით, ამდენად სოფელზე გამორიცხულია რაიმე ფორმის ზემოქმედება ეკოლოგიური თვალსაზრისით, რაც დასტურდება წინასწარ ჩატარებული კვლევებით და ცნობილია მოსახლეობის უმრავლესობისთვის. ჩვენი სურვილია კომპანიის განვითარებას თან ახლდეს ახლო მდებარე სოფლებისა და მთლიანად რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება. კომპანია ემიჯნება ყველანაირ დაპირისპირებას და მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცხადია, საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც კომპანიის წარმომადგენლები არწმუნებენ საზოგადოებას. ,,არემჯის” საქმიანობის მიმართ გარკვეული შენიშვნები და პრეტენზიები აქვთ სპეციალისტებსაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მოპოვებითი სამუშაოები შეიცავს გარკვეულ რისკებს და მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას საფრთხეს უქმნის. მოპოვებითი საქმიანობა არ უნდა ხდებოდეს სოფლის დასახლების სიახლოვეს. ამ მხრივ ,,არემჯის” მიმართ კრიტიკა საკმაოდ მწვავეა.

გაჩენილ პრობლემებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ შენიშვნები და კომენტარები წარადგინა. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ „არემჯი კოპერისთვის” გადაცემული მუშევანი 2-ის საბადოს მთლიანი ფართობი 902.95 ჰექტარია, აქედან სამუშაოები 175.8 ჰექტარზე უნდა განხორციელდეს. ამ ეტაპზე კომპანია საქმიანობას მხოლოდ 11.27 ჰექტარზე განახორციელებს და გარემოზე ზემოქმედების შეფასებასაც მხოლოდ აღნიშნულ ტერიტორიას მოიცავს.

„მწვანე ალტერნატივა მიიჩნევს, რომ გზშ-ის პროცედურა საბადოს მთლიან ტერიტორიაზე დაგეგმილმა საქმიანობამ უნდა გაიაროს. შენიშვნებიდან ირკვევა, რომ ორგანიზაციამ აღნიშნულ საკითხზე იგივე მოსაზრება სამინისტროს სკოპინგის გაცემამდეც წარუდგინა, თუმცა უწყებამ არ გაითვალისწინა.

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ნინო გუჯარაიძე ,,რეზონანსთან” აცხადებს, რომ  „არემჯის” მიერ წარდგენილ ანგარიშში არაერთი საკითხია, რომელიც სათანადოდ შეფასებული არ არის.

,,დარღვევებზე ჯერჯერობით არ არის საუბარი, საქმე ეხება ნებართვის გაცემის პროცესს, რომელიც გარკვეულ კითხვებს აჩენს. მოსახლეობა ითხოვს, რომ ნებართვა არ გაიცეს, ვინაიდან ობიექტი დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა. მოპოვება ხდება ბურღვა-აფეთქების სამუშაოებით და მოსახლეობა ფიქრობს, რომ ნეგატიური გავლენა ექნება. ამ ნაწილში მათ ვეთანხმებით, ვინაიდან 800 მეტრი არ არის საკმარისი მანძილი, რომ გარემოზე ზემოქმედება შერბილდეს.

გარდა ამისა, სხვა მხრივაც გვაქვს შეენიშვნები, კერძოდ, მუშევანში დადასტურებულია X-XI და შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ორი ძეგლი, რომლებიც საბადოსგან ერთი კილომეტრითაც არაა დაშორებული. აფეთქების ბიძგები ღირსშესანიშნაობებს დააზიანებს”, – განაცხადა ნინო გუჯარაიძემ.

როგორც ცნობილია, 2014 წლის 13 დეკემბერს კომპანია “არემჯი გოლდმა” ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო ააფეთქა. საერთაშორისო ექსპერტების ვარაუდით, ძეგლი ადრეული ბრინჯაოს ხანას განეკუთვნებოდა და ის ანალოგიურ ეგვიპტურ ძეგლებზე 1000 წლით ძველი იყო. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 5 ივლისს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა იმ მოტივით, რომ ობიექტს სტატუსი კანონის დარღვევით ჰქონდა მინიჭებული.

გარემოსდამცველების ნაწილი პროექტთან დაკავშირებით კომენტარისგან ტავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ მოსახლეობის პროტესტი მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალსიწინებული  შესაბამისი სტრუქტურის მიერ და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

,,მწვანეთა მოძრაობის” წარმომადგენელი რუსიკო სიმონიძე  ფიქრობს, რომ ამჯერად მოსახლეობა სათანადოდ უნდა იყოს ინფორმირებული კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით იმ ნაწილში, რომელიც გარემოზე ზემოქმედებას და უსაფრთხოებას უკავშირდება.

,,გაირკვა, რომ პროექტის შესახებ სოფლის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ინფორმაცია საერთოდ არ აქვს. ამ დროს ხალხი შიშობს, რომ აფეთქებამ შეიძლება დააზიანოს გარემო და მათი სახლებიც. ეჭვები ნამდვილად არსებობს და რომ გაქარწყლდეს, ხალხს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი ყველა კითხვაზე.

კონკრეტულად ამ პროექტის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან დეტალურად არ ვიცნობ, თუმცა საყურადრებოა მოსახლეობის დამოკიდებულება, ამიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ხალხამდე სწორად მივიდეს ინფორმაცია. კომპანიაც მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს, მასშტაბური სამუშაოებია და გარემოზე ზემოქმედების ყველა ნიუანსი და დეტალი საფუძვლიანად არის შესასწავლი”, – განაცხადა სიმონიძემ ,,რეზონანსთან”.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 9 აგვისტოსს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში `”არემჯი კოპერის” სასარგებლო წიაღისეულის (მუშევანი 2-ის ოქრო-სპილენძის საბადოს) ღია კარიერული წესით მოპოვებაზე ადმინისტრაციული წარმოება შეაჩერა. სააგენტოს მიერ კომპანიისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ გზშ-ის ანგარიშსა და დოკუმენტაციაში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი: ხმაურის მონიტორინგი; საწარმოო მოედანზე საწვავის სამარაგო რეზერვუარის მოწყობა; ინფორმაცია საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ ჰაბიტატებსა და მათზე შესაძლო ზემოქმედებაზე და სხვა.

წყარო: resonancedaily.com