„ფოთის პორტი რომ დააყადაღონ, საქართველოს ეკონომიკას რა ელოდება, თუ წარმოუდგენია ვინმეს?!“

0
233

„ფოთის პორტი რომ დააყადაღონ, ფიზიკურად გემი არ შემოვიდეს და არ გავიდეს, საქართველოს ეკონომიკას რა ელოდება, თუ წარმოუდგენია ვინმეს?! ამიტომ, ჩვენ ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ მსგავსი მოწოდებების აყოლაში და საღი გონება გვმართებს“,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულ ვებ-გვერდზე „ომი და სანქციები“ იმ პირების გრაფაში, ვის მიმართაც ჯერჯერობით სანქციები არ არის გამოყენებული, ქართველი ბიზნესმენების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია. სიაში მოხვდა ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილიც, რომლის პროფაილში მითითებულია, რომ ის არის ფოთის პორტის ერთ-ერთი მფლობელი. ფოთის პორტის დიდი ნაწილი კი ეკუთვნის კომპანია „პეტროკას“.

„ჯერ დასამტკიცებელია, რამდენად ეკუთვნის ეს პორტი ამ ადამიანს, მაგრამ ფოთის პორტი რომ დააყადაღონ, ფიზიკურად გემი არ შემოვიდეს და არ გავიდეს, საქართველოს ეკონომიკას რა ელოდება, თუ წარმოუდგენია ვინმეს?! ამიტომ, ჩვენ ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ მსგავსი მოწოდებების აყოლაში და საღი გონება გვმართებს.

მიუხედავად იმისა, მართალია ვანო ჩარტიშვილი, თუ მართლაც მიუღია მონაწილეობა რამე მოლაპარაკებებში, როგორც ამას უკრაინელები ამბობენ. მოდით, სასამართლოს მივანდოთ ეს საკითხი, ან თუ პოლიტიკურ დონეზეა განხილვა, პოლიტიკოსებმა იდებატონ თავიანთთვის, მაგრამ, როდესაც სანქცირებას და უშუალოდ ნაბიჯის გადადგმას ითხოვენ, ასეთი ზეპირი მოხსენებების დონეზე…

სხვათაშორის, ჩვენ დღემდე არ მიგვიღია არანაირი მტკიცებულება უკრაინელების განცხადებაზე, რომ რუსეთს ვაწვდით იარაღს და ორმაგი დანიშნულების პროდუქციას. არ შეიძლება ასე უბრალოდ, მეგობარი ქვეყნის მხრიდან, საქართველოს მსგავსი ულტიმატუმები წაუყენოს, საერთაშორისო რეპუტაცია გაუფუჭოს. მითუმეტეს, მერე ფოთის პორტის მსგავსი ობიექტი დაუყადაღო, დაუსანქცირო და თქვა, რომ საქართველო ჩვენი მეგობარია, მხარს ვუჭერ.

მე პირადად, უკრაინას მხარს ვუჭერ და სოლიდარული ვარ უკრაინელების მიმართ, მაგრამ არის რაღაც ზღვარი, რის იქითაც არც უკრაინელები უნდა გადავიდნენ და არც ჩვენ უნდა ავყვეთ ვიღაცეების უბრალოდ მონაყოლს“,- განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

BPN.GE