საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს „ფინბიურო“ შეუერთდა

0
126

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს „ფინბიურო“ შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანია „ფინბიურო“ საქართველოში 2015 წლიდანაა წარმოდგენილი და მისი ძირითადი მისია სუბიექტების ეკონომიკურ გაჯანსაღებაა. კომპანიის მთავარი საქმიანობა ა საფინანსო ორგანიზაციებისგან სესხების შესყიდვის გზით, ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულებების მართვა, შესაბამისად, მომხმარებლებს მათ საბოლოო დაფარვაში ეხმარება.

ასოციაციის ინფორმაციით, „ფინბიუროს“ გუნდი მოქალაქეებისთვის ინდივიდუალური შეღავათებისა და გრაფიკის შედგენასა და შეთავაზებაზე, მიმდინარე ვალდებულებების ერთ სივრცეში მოქცევასა და სამომავლო მართვაზე აქტიურად მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ „ფინბიურო“ ვადაგადაცილებული სესხების ყველაზე დიდ პორტფელს ფლობს და ამ მიმართულებით ბაზრის ლიდერი კომპანიაა. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 17 ფილიალითაა წარმოდგენილი. დასაქმებულთა რაოდენობა 800 თანამშრომელზე მეტია, ხოლო მომხმარებელთა რიცხვი 200 000-ს აჭარბებს.

როგორც „ფინბიუროში“ აღნიშნავენ, 2015 წლიდან დღემდე, კომპანია წარსულში დაგროვილი ვალდებულებების დაძლევაში მილიონზე მეტ ადამიანს დაეხმარა, რაც ვადაგადაცილებული სესხების დაძლევასთან ერთად მოქალაქეებს აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას უმარტივებს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „ფინბიუროს“ BAG-ის წევრთა რიგებში მიესალმება და მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა. აღსანიშნავია, რომ ასოციაციაში დარგის ლიდერი კომპანიები წევრიანდებიან, რაც ჩვენს ბიზნეს ოჯახს კიდევ უფრო აძლიერებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და ორმხრივად სასარგებლო იქნება,“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.